June 18, 2022

დაგუბებული და მჩქეფარე აზრები

დაგუბებული და მჩქეფარე აზრები

ეს არ არის სტანდარტული ბლოგი. აქ ვერ შეხვდებით ჩარჩოებს, დადგენილ წესებში დაწერილ ტექსტებს. ხშირად გაწყვეტილ აზრებსაც გადააწყდებით, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს უფრო სინამდვილეა, ვიდრე მუდმივად საზღვრების დაცვა.
აქ მხოლოდ მე ვარ და ჩემი ფიქრები, რომლებიც ზღვას ტალღებით ჩემამდე მოაქვს.

ამ კონკრეტული ფიქრების გაზიარება ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მომინდა, მაგრამ იქამდე, სანამ ჩემმა ჯუდიმ არ ამიხილა თვალები, ვერ გავარკვიე, როგორ შემექმნა უფასოდ ბლოგი ვორდპრესზე, არადა ცხვირწინ მეწერა ის, რაც მჭირდებოდა.
მოდი, იმასაც ვიტყვი, რომ გეგმა არ მაქვს და ისე ვაკაკუნებ თითებს ლეპტოპის კლავიატურაზე, როგორც ჩემი გონება მკარნახობს.

ზოგადად, overthinking-ით გამოვირჩევი და სანამ ჩამეძინება, იმდენ რამეზე მეფიქრება, ტვინიც კი იღლება თავისი ფიქრებით. აი, მაგალითად, წინა წელს ასეთ რამეზე ჩავფიქრდი: თუ ადამიანის საშუალო ტემპერატურა 36-37 და გარეთ 40 გრადუსია, გამოდის, რომ ადამიანს 76 გრადუსის ატანა უწევს... რა თქმა უნდა, შემდეგ დილით სწორ პასუხსაც მივხვდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელს ჩემგან ეს კითხვა რომ გაეგო, ვინც მუდმივად იცოდა მასალა, გულიანად გადაიხარხარებდა.
ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ დროს ვფიქრობ და ვფიქრობ. სწორედ ამ უაზრო თუ აზრიანი ფიქრების კორიანტელში გამოვიჭირე რამდენიმე და ჩემს პორველ ნაწერში მათზე ვაპირებ საუბარს.

ადამიანთა უმრავლესობას არაერთხელ წარმოუდგენია, რა მაგარია იყო სტუდენტი, მუშაობდე, ცხოვრობდე მარტო და ერთობოდე. მაგრამ ძალიან იშვიათად თუ საუბრობს ვინმე გულღიად და ყველა რეალურ სცენას სხვას უზიარებდეს.
მე ერთ-ერთი რიგითი სტუდენტი ვარ და მინდა ბევრმა გაიგოს, რა ხდება სტუდენტების ცხოვრებაში — როგორია ჩვენი რუტინა, რა არის ჩვენი მოვალეობები, რაზე ვდარდობთ და რაზე ვღელავთ.

სტუდენტი წინა წელს გავხდი და მომავალი ფილოლოგი ვარ. თავიდან სწავლა ონლაინ რეჟიმში დაიწყო და გული მწყდებოდა, რომ აუდიტორიებში არ ვივლიდით, რადგან ასეთი სტუდენტობა არ წარმომედგინა მანამდე. პირველი სემესტრი რომ მორჩა, სწავლის განახლება  დააანონსეს. უკვე აპრილში კი თბილისში გადმოვბარგდი სრულიად მარტო — ოჯახისა და ჩემი კატების გარეშე. ვერ ვიტყვი, რომ მათთან განშორება მიმძიმდა; არა, ასე ნამდვილად არ იყო. დიდი ხანია გაცნობიერებული მაქვს, რომ მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, ოჯახს — საკუთარი, ხოლო ნოსტალგიის სტუმრობა საკმაოდ ბუნებრივია.
თუ მკითხავთ, მენატრება თუ არა ოჯახი და კატები, პასუხს შევაყოვნებ. საქმე ისაა, რომ თუკი მათზე ვიწყებ ფიქრს, ამ ფიქრს არ ვაცდი, რომ ფესვები გაიდგას და მაშინვე ვბლოკავ; ამ ნოსტალგიური ფიქრებისთვის არ მცალია. ჩემს ოჯახს და კატებს ისედაც ვნახავ და მუდმივად მათზე ფიქრი, არაფერს მომცემს, გარდა დროის ფუჭი კარგვისა.

რომ ჩამოვედი, 1 კვირა დამჭირდა ადაპტაციისთვის — სანამ სახლი სრულად დავალაგე, რაღაცები გავარკვიე და მოვაწესრიგე, ჩვეულ კალაპოტში ჩავჯექი. რთული არაფერი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩამოსვლის დღესვე სახლის მიმავალ გზაზე დავიკარგე და შუა ქუჩაში ასფალტზე ჩამოვჯექი და ბღავილის დაწყებას ვაპირებდი; აბაზანაში ასრიალებას და იმის წარმოდგენას, რომ ტვინის შერყევა მივიღე; ხელის მტევნისა და თითების გაჭრას უბრალო დანით და ა.შ. და ა.შ.
მარტო ცხოვრება იოლი და რთულიცაა, მაგრამ ჩემთვის მთავარი ისაა, რომ მშვიდად ვარ, არავინ მაწუხებს, არ ვისმენ ვიღაცების საუბარს, არავინ არაფერს მავალდებულებს და ისე ვიქცევი, როგორც მინდა (აღვნიშნავ, რომ ძირითადად ან ლეპტოპთან ვზივარ, ან ვწევარ). ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ ყროყინს არავინ მიშლის როგორც ოთახში, ისე — აბაზანაში.
რთულ ასპექტებად, ალბათ, იმას ჩავთვლი, რომ სახლის ყველა საქმე მხოლოდ მე მეხება და ვერავის გადავაბარებ.

სავარაუდოდ, ყველას გვსმენია საქვეყნოდ ცნობილი, მაგრამ უკვე გაცრეცილი ფრაზა — „სტუდენტი ღარიბია“. არის თუ არა ეგრე? გააჩნია, თან კი, თან — არა.
მე კი ძალიან მთრგუნავს ეს სიტყვები და უნდა გამოვტყდე, რომ დატყვევებულიც კი ვარ ამ სტერეოტიპის მიერ.
არის დღეები, როცა არ ვჭამ ან მხოლოდ ერთხელ, რადგან „სტუდენტი ღარიბია“. როცა საკვებ პროდუქტებს ვყიდულობ, ყველაფერს ვათვალიერებ და რაც უფრო იაფია, იმას ვყიდულობ, ხოლო როცა რიგში ვდგავარ, სხვებს ვუყურებ, როგორ ყიდულობენ გემრიელობებს, მერე ჩემს არჩეულ პროდუქტებს გადავავლებ თვალს და უნებურად ვსევდიანდები. ალბათ, ყველაზე მეტი რძის ერთ ბოთლში თუ გადამიხდია.
როცა ბინის ქირაობის საჭიროების წინაშე აღმოვჩნდი, გამახსენდა, რომ „სტუდენტი ღარიბია“ და არაფერზე უნდა მქონდეს პრეტენზია, მათ შორის არც — ელემენტარულ კომფორტზე. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ორი თვეა ტანსაცმელს სხვასთან ვრეცხავ, უმაცივროდაც ვარ და როცა გარეთ წვიმს, სახლშიც მაწვიმს (სხვათაშორის, ახლაც წვიმს და წვიმის წკარუნს ყურს ვუგდებ). ამ ორი თვის განმავლობაში სარეცხის მანქანისა და მაცივრის ქონა უკვე ფუფუნებად მგონია.

მაშინ, როდესაც ტელეფონის სატენი გამიფუჭდა და ძველის ახლით ჩანაცვლება მომიწია, რამდენიმე დღე ვდარდობდი დახარჯულ იმ 22 ლარზე (ყუთის გადაგდებაც დამენანა და ჩემი „ხლამის“ სიას ეგეც მიემატა).
მხოლოდ სარკის ყიდვაზე არ ვიყავი დადარდიანებული... იცით, რა მაგარი ყოფილა სახლში სარკის ქონა?! მართალია, პატარა, მაგრამ თავის ფუნქციას ნამდვილად ასრულებს. სახლიდან თმაგაწეწილი აღარ გავდივარ.

უნივერსიტეტში ბოლო ორი კვირა არ მივლია, მაგრამ ზუმით ვერთვებოდი. რომც მევლო, ჩემთვის აზრი არ აქვს — დროს ვკარგავ ფორმალურ დასწრებაში. სამაგიეროდ, სხვა უამრავი საქმისგან იმდენად დაღლილი და გამოფიტული ვარ, ხანდახან მგონია, რომ არა თუ ეს საქმეები, არამედ ცხოვრება მეზარება უკვე.
სამსახურისა და სწავლის შეთავსება რეალურია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. როცა სახლში ვბრუნდები, ცოტა ხნით უბრალოდ ვჯდები, თვალებს ვაცეცებ და ვეკითხები თავს, შევძლებ თუ არა, რომ დავალებები დავწერო. პასუხი უარყოფითია, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩემში გაფანტულ ძალას ვაკოწიწებ და ვიწყებ მეცადინეობას, რადგან ვიცი, ჩემ მაგივრად სხვა ვერ გააკეთებს ამას.
არსებობს ე.წ. „ეშმაკის ბიბლია“, რომლის შექმნის შესახებ ლეგენდაცაა. კერძოდ, ამ წიგნის ავტორი ბენედიქტის მონასტრის ერთ-ერთი ბერი იყო, რომელმაც პირობა დადო, რომ ერთ ღამეში დაწერდა ყველაფერს. ამბობენ, რომ ამ ბერმა ეშმაკის დამსახურებით მოახერხა ამხელა წიგნის ერთ ღამეში დაწერა. მე კი ზოგჯერ ეს ისტორია მახსენდება და მეცინება, მეც ხომ არ მივყიდო სული ეშმაკს, — ვფიქრობ ამდენი საქმისგან გადამწვარი.

ბოლო დღეები მშობლიური სახლი მენატრება და მინდა, რომ დილაობით ვინმემ ყავა გამიმზადოს და მე არ მიწევდეს ადგომა. კატებიც მომენატრნენ, განსაკუთრებით — ჩემი აგათა, რომელსაც ალბათ აღარც ვახსოვარ და ცალ თათზე ვკიდივარ.

ასევე, ისევ ბოლო პერიოდში ბებიაჩემი მახსენდება და მე, ადამიანი, რომელმაც ტირილი 2017 წელს შევწყვიტე, უკვე ისე ვარ, რომ ცრემლებიც გამიჩნდა, ჩემდა გასაკვირვად. მაგრამ სიმართლეს ვიტყვი, თუ მეტირება, მხოლოდ ბებიაზე, სხვა დროს, ძალიანაც რომ ვეცადო, ცრემლის ნაგლეჯსაც ვერ დავინახავ ჩემს სახეზე (გაციების დროს არსებულ ცრემლებს არ ვთვლი).
გუშინწინ ღამითაც ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი ჩემი ცხოვრების ბოლოდროინდელ მოვლენებზე, უცბად ძალიან მომინდა, რომ ბებია ახლოს მყოლოდა და თავზე ხელი გადაესვა.
მარტო ყოფნა საკმაოდ მიყვარს და არასდროს მაქვს დისკომფორტი, მაგრამ მარტოსულობას ვერაფერი შველის, როცა ეს რაღაც „არსება“ სისხლში გიჩქეფს და რეალურად ვერც მის გარეშე შეგიძლია არსებობა და ცხოვრება...

სიცარიელეში ყოფნის, დაღლისა და ფეხზე ძლივს დგომის მიუხედავად, განვაგრძობ ყველაფერს, რადგან ჩემი სურვილით შევეჭიდე ყოველივეს და ეშმაკისთვის დარეკვაც გამოსავალი არ არის.

რაც შეეხება ამ ჩანაწერს, არ ვიცი, კრიტიკა, შეფასება, სუბიექტური თუ ობიექტური თვალსაზრისის გამოთქვა სხვისი საქმეა, მე მხოლოდ ვწერ იმას, რაც ჩემი გონების ქარიშხალში ხდება და სხვა არაფერი მევალება. როგორც ვთქვი, ეს არ არის სტანდარტული ბლოგი და არც მომდევნოები იქნება. ხოლო, თუ როდის იქნება მომდევნო ჩანაწერი, არც ამაზე მაქვს პასუხი. როგორც ეს პირველი ნაბიჯი გადავდგი სპონტანურად, სავარაუდოდ, შემდეგზეც ასე მოვიქცევი.