July 20, 2022

გზა განედიდან გრძედამდე

გზა განედიდან გრძედამდე

მე ისევ აქ ვარ.

ბოლო ბლოგის გამოქვეყნებიდან რაღაც დრო გავიდა, მაგრამ რამდენი, არ ვიცი და შემოწმებაც არ მინდა. ერთი ისაა, რომ ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი პაუზა, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც მინდოდა საუბარი ჩემთვის უხილავ ადამიანებთან.
სანამ იკითხავთ, მე დაგასწრებთ — ნორმალურად ვარ, თუ ასე შეიძლება ვუწოდო ჩემს მდგომარეობას. კალათაში კარგი და ცუდი ამბები მაქვს მოგროვებული. გეგონება, სოკოებს ვაგროვებ, უშხამოს და შხამიანს, არადა სოკო არ მიყვარს, მეტიც გული მერევა მასზე. მაგრამ ჩემს პირად სოკოებს გვერდს ხომ ვერ ავუვლი, მზერა უნდა გავუსწრო, შევეჭიდო და როგორმე მასზე უკეთესი რამ შევაგროვო.
როგორც ასეთი, ტრადიციას არც ახლა მივაქცევ ყურადღებას და ისე მივყვები, როგორც რეალურად იყო. ამიტომ, ჯერ შეიძლება კარგი სოკო-ამბავი გაიგო, მერე ცუდი, შემდეგ ისევ კარგი და ა.შ.

გეოგრაფიის არმოყვარული ადამიანისთვის ზედმეტად გეოგრაფიული სათაური აქვს ამ ბლოგს, მაგრამ მაინც საკმაოდ მომხიბვლელი. და რატომ მაინცდამაინც ეს გზა? ჩვენთვის ხომ მერიდიანები, პარალელები, განედი და გრძედი, უხილავი ხაზებია...
ყველაფერი ერთი საწყისი წერტილიდან იწყება და მეორე წერტილამდე მიდის. ამიტომ, ერთი სახლიდან მეორე სახლში გადავინაცვლე, რომელიც ვერა და ვერ დავალაგე იდეალურად (არ გეგონოთ, რომ გოჭივით ვცხოვრობ, ტალახში ვკოტრიალობ და ვღრუტუნებ, უბრალოდ იდეალური დალაგება ჩემთვის არაამქვეყნიური რამეა და სანამ ყველაფერი არ იპრიალებს, იქამდე ბინძური მგონია გარემო. ზოგი ადამიანი ზედმეტად „ჩისტულა“ ვართ და რომ მიგვიშვან, ალბათ, სახლსაც ავაორთქლებთ ამდენი დალაგებით).
ახალი ადგილის მინუსი? ცოტათი დავიტანჯე 10 თეთრიანების შეგროვებით და ვინმემ რომ ამ რკინებით სავსე ქისა მომცეთ, ბედნიერი ვიქნები. თუ არადა, ხვალ შემახსენეთ, რომ ბანკში გავიარო და გამოვზიდო კოპწია 10-იანები.

სასიხარულო ამბავი: ჭამა დავიწყე. დღეში უკვე მინიმუმ 2-ჯერ და ნელ-ნელა სამზარეულოს ალღოს ვუღებ (აქვე, ვინმეს ზედმეტი ტაფა ხომ არ გაქვთ? ჩემს მალე ცეცხლი წაეკიდება), თუმცა იდეალური მზარეული არ მეთქმის. მინიმალურ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ და ზუსტად ხვალ ვგეგმავ წვნიანის გამზადებას (პირველად). უმაგრესი გრძნობა ყოფილა, როცა მაცივარი გაქვს; ნებისმიერ დროს გააღებ და ცივ წყალს დალევ ან წყლის ყინულებით აავსებ ჭიქას. ყველაფერი მაცივარში გავაწესე — ხახვიც კი (დასრულდა ჩემი ფერმერობა)!

ლამაზი მწვანე ფარდები ჩამოვკიდე და კიდევ ვაპირებ, რომ ყველაფერი მწვანე ფერში მოვრთო. სხვათა შორის, ისეთი ტემპით მივდივარ, სავარაუდოდ, საკუთარ თავსაც მწვანე საღებავში ამოვავლებ და უფრო ბედნიერი ვიქნები.

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ კულინარიული ნიჭით არ გამოვირჩევი და ამის გამოსასწორებლად ჩემი ძალიან კარგი ნაცნობი მესტუმრა და ნაყინის გროვაც მაჩუქა. რამდენიმე დღის წინ, თვით ფილოსოფოსი მეწვია — ნიკოლოზი. მივდექ-მოვდექით და დავიწყეთ საჭმლის კეთება; როგორც მჩვევია, კარტოფილის გათლისას მისი ნახევარი სანაგვეში წავიდა და კიდევ კარგი, რომ მეტი არა. მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოდან ვარ და მანდ უმრავლესობას მწარე-ცხარე უყვარს, მე ატანა არ მაქვს, მაგრამ ჩემს ნიკოლოზს პირიქით — მექსიკური კარტოფილის სიცხარე უგულებელვყავი და მეც და ჩემი მუცელიც ძალიან მადლიერები ვიყავით ამ დიადი პიროვნების, რომელიც ასეთი ყოვლისშემძლე აღმოჩნდა.
ვისაუბრეთ, ვიჭორავეთ, აზრები გავცვალეთ და მივხვდი, რომ ამაყი ვარ, რადგან ჩემ ირგვლივ რამდენიმე არაჩვეულებრივი ადამიანი ტრიალებს.

ძალიან ესთეტიკური ფოტოები არ ეთქმის, მაგრამ ხომ წავა? კი

ეს კარგი სოკო-ამბებიდან იყო და გთხოვთ, მოემზადეთ, ახლა არც ისე სასიამოვნო სიტყვებით გავაგრძელებ წერას.
1 კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ, მე და ჩეშირის კატა (რეალური ადამიანი — ბექა — რომელიც მართლა ჩეშირის კატაა და მიყვარს) კლინიკაში წავედით და ექიმის კაბინეტშივე ტირილი ამიტყდა. ჩემ შემდეგ პატარა ბიჭუნა იყო და მტირალა რომ დამინახა, მომიახლოვდა და ცნობისმოყვარედ მიყურებდა.
აღმოჩნდა, რომ ჩემი მხედველობა კიდევ უფრო დაეცა — -4,25 და -4,75...
ძალიან მიმძიმს ამის გააზრება, გადახარშვა და მიღება, როგორც „საკუთრის“. სათვალე? არა, გამოსავალი არ არის, რადგან საძირკველი ჩემი ნერვია, რომელიც დღითიდღე მსპობს. მიჭირს ამაზე საუბარი და იმის გაზიარება, თუ რას განვიცდი რეალურად...
დიდ ხანს ვტიროდი ჩემს თვალებზე, ჩემზე, მომავალზე და ამ დროს ბექა მეუბნება — ისე ტირი, ხალხს ეგონება, შენზე ვძალადობო და ჩამეხუტა. როგორ არ გინდა, ასეთ რამეზე არ გაგეღიმოს-ჩაგეცინოს?! (ბექა, თუ ამას წაიკითხავ, მადლობა ყველაფრისთვის)
როგორც იცით, თბილისი ჯოჯოხეთის ქვაბს დაემსგავსა და ყველანი ვიხარშებით, მე — მით უმეტეს. კლინიკაში კი წყალი ვერ ვიპოვეთ, ხოლო იქიდან გამოსულებმა ერთლიტრიანი წყალი ვიყიდეთ და ბოთლებით ასე მოყუდებულად ვიარეთ ბიბლიოთეკამდე.

ცალკე აღსანიშნია ჩემი საგამოცდო პერიოდი, რომელმაც დამტანჯა და მაღლივი მართლა ჯოჯოხეთის სასახლედ მეჩვენება უკვე, არადა წინ კიდევ ორი გამოცდა მაქვს. ერთ-ერთი სასაცილო მომენტიც მაქვს მაღლივის რუბრიკიდან: ის ხომ არ იყო საკმარისი, რომ ეროვნულის ისტორიაზე ლენინი და ჩერჩილი შემეშალა, ახლაც უნდა გამომევლინა ჩემი ცოდნა; 11 ივლისს ისტორიას ვწერდი მე, ისტორიისადმი უსიყვარულოდ გამსჭვალული ადამიანი, და მაშინ, როცა აღმაშენებელმა ქვეყანა გააერთიანა, ამ საწყალ კაცს ქვეყნის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაშლა მივაწერე. კიდევ ერთი რაღაც იყო, მაგრამ მაგ ფრაგმენტს მომავალში გავიხსენებ, მანამდე კი მე და ჩემი კურსელი ყოველ გახსენებაზე სიცილისგან ჩავბჟირდებით.
იმედია, დარჩენილ გამოცდებსაც მალე მოვიშორებ და 1 თვე სრულიად დავისვენებ ყოველგვარი ვარსქენების, აფიქსებისა და სუფიქსების, ბრძოლების და ა.შ. გარეშე. მაქსიმუმ 2-3 მხატვრული წიგნი წავიკითხო და რეცენზიები დავწერო.

შეიძლება ითქვას, რომ სამსახური აღარ მაქვს და ყველაზე მეტად ამ მოვლენაზე ვფიქრობ და განვიცდი. ვიცი, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცის (ტავტოლოგიას ვერ გავექცეოდი ახლა), როგორი მტანჯველია ცხოვრებაში ასეთი პერიოდი, როდესაც ნემსს ეძებ თივის ზვინში და ან პოულობ მალევე, ან — არა. ამასობაში დრო გადის, ნერვები ისევე ითლება, როგორც კარტოფილი, ზოგჯერ თხლად, ზოგჯერ სქლად. „და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის, თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ“ (ჩემი ჭილაძე). სულ იოტისოდენა იმედი დამრჩა, რომ სამსახურს ვიპოვი და ჩვეულ კალაპოტში ჩავდგები. დაღლილი ვარ, მაგრამ მუშაობა მინდა და მჭირდება. ბოლოს და ბოლოს, თევზი უწყლოდ ვის გაუგონია?!

ზოგადად, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, რომ აღვნიშნო, რაოდენ უცნაური ცხოვრება მაქვს. სიმართლე ვთქვა, ჯერ მეც ვერ ვხვდები, როგორ ვახერხებ ასე ცხოვრებას, მაგრამ უტყუარი ფაქტია, რომ ადამიანურ სახეს ვინარჩუნებ და ვიცი, მიუხედავად ბევრი რამისა, რასაც არ ვამბობ, იქამდე ვიქნები ასეთი, სანამ ფრონტს არ დავტოვებ.

გვირგვინი ხომ ყველაფერს სჭირდება? ნამდვილად და ამ პატარა ბლოგს იმით დავასრულებ, რომ თითქმის 3 თვის შემდეგ, როგორც იქნა, სახლიდან გავედი შორ მანძილზე და ლისის ტბა ვნახე. დიდად არ ბრწყინავს და მგონია, რომ ოქროს ტბა ბევრად სჯობს, მაგრამ ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის და ვინმესთან ათას რამეზე სასაუბროდ კარგი ადგილია, თან თუ გვიან საღამოს ავა ადამიანი. და გთხოვთ, ისიც შემახსენეთ მერე, რომ თუ კიდევ ლისისკენ ავიღე გეზი, პლედი წავიღო, რათა ქვებმა არ მიმსხვერპლოს.

დასასრულს კი, ადამიანებს სიმშვიდეს და ბედნიერებას გისურვებთ.