კრეატიული კრემატორიუმი
ყველაფერი იწყება ერთგან
და
ყველაფერი მთავრდება სადღაც.
არა, ჯერჯერობით კრემატორიუმი არ მჭირდება და არც მამა ზეციურთან მაქვს დაჯავშნილი ვიზიტი ჩაის სმაზე.
სამაგიეროდ, ჩემს ქუჩაზე ერთი სარეკლამო კომპანიაა, რომელსაც კრეატორი ჰქვია და ყოველ ავლა-ჩავლაზე უნებურად კრემატორიუმს ვკითხულობ. აქედან წარმოიშვა ამ ბლოგის სახელიც — კრეატიული კრემატორიუმი (მადლობა ერთ ადამიანს, რომელიც ხშირად მესაუბრება და ჩემს მუზას აღვიძებს).
ზაფხული წარმავალია — თავს ამით ვიმშვიდებ უკვე 2.5 თვეა. მგონი, უკვე დღეებსაც, წუთებსა და წამებსაც ვითვლი, როდის დასრულდება ეს ეშმაკის ქვაბივით სიცხისგან აუტანელი სეზონი. მოუთმენლად ველოდები, როდის გადმოვიღებ ზამთრის საბანს და როლივით გავეხვევი მასში; ჯემპრების, ჰუდებისა და ქურთუკის სუნსა და აუტანელ სიმძიმეს. მაგრამ მთავარია, ბედნიერი ვიქნები და გარეთ გასვლასაც შევძლებ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რაც ასე ძალიან მენატრება.
არც იმას დავმალავ, რომ ახლაც კი მძინავს თხელი გადასაფარებლით.
სიცხეს ჯერჯერობით ვერსად გავექცევი, მაგრამ ფინალურ გამოცდებს დროებით დავემშვიდობე. საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ აღარასდროს ავიღო 7 საგანი, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ საგნების არჩევის დღეს მაინც მომინდება დამატებითი საგანი. ისიც ვიცი წინასწარ, რომ მერე უსასრულო წუწუნს დავიწყებ, მაგრამ who cares...
მაღლივი არა თუ საგამოცდო ცენტრია, არამედ თამამად შემიძლია ეშმაკის სასუფეველი ვუწოდო — უამრავი კიბის, დახუთულობისა და თავისი წარსულის წყალობით (ამბობენ, ოდესღაც მანდ მორგი იყო).
ერთ-ერთ გამოცდაზე, როდესაც ერთმა საკითხმა დამაბნია და კითხვა დავსვი, შეწუხებულმა დამკვირვებელმა ასეთი რამ თქვა: „ზუსტად ახლა ვაპირებდი ამის თქმას და შემაწყვეტინეო“. რასაკვირველია, მისი ბრალი არ იყო, რომ არ იცოდა სექტორში უყურო არსების ჭაჭანების შესახებ. შემდეგ კი, როცა ვუთხარი, რომ არ მესმოდა, მოვიდა და ჩამეხუტა, რაც არასასიამოვნო მომენტი იყო.
რას ფიქრობთ, შუბლზე ტატუ ხომ არ დამეხატა — უყურო?
2 თვის წინ ჩემს სოც. ქსელში პოსტი დავდე, სადაც მეწერა, რომ ეკონომიური ადამიანი ვყოფილვარ. არც ახლა ყოფილა გამონაკლისი — გაზის გადასახადი რომ ვნახე, სიცილი ამიტყდა — 3.24₾. მერე კი დავფიქრდი კრედიტის აღებაზე, რადგან ამხელა თანხას ვერ გადავიხდიდი. მთელი 3 ლარი და 24 თეთრი, წარმოუდგენელია!
ამასობაში, ერთი პატარა სიახლეც მაქვს — დროებით სხვისი კატა შევიფარე და ჩავთვალოთ, რომ ახლა სახლის ნაცვლად ბეწვთა ბუნაგში ვცხოვრობთ მე და სტელა, მე და სტელა. საკმაოდ მშვიდი კატა აღმოჩნდა, ოღონდ ხანდახან თავში წამოუვლის და დოღს მართავს. რამდენიმე დღის წინ, როცა მეძინა, თურმე წყლის ჭიქა გაუტეხავს და ვითომც არაფერი, ისე განაგრძო კატური (თუ არაკატური) ცხოვრება.
სტელას ჩემსავით უყვარს სადღაც შორს ყურება აივნიდან თუ ფანჯრიდან — ჯდება ფანჯრის რაფაზე და იდუმალებით მოცულ სივრცეს გაჰყურებს, სანამ არ მობეზრდება.
ჯერჯერობით ჩემთან ძილს არ კადრულობს, მაგრამ შორიახლოს წვება და მდარაჯობს (ანალოგიურად იქცევა, როცა აბაზანაში ვარ — მყარაულობს. ვვარაუდობ, რომ ეშინია: ა) არ დავიხრჩო; ბ) არ დავიწვა ცხელი წყლისგან).
სხვათა შორის, სავარაუდოდ, სტელამ მომპარა მაკრატელი, რადგან ფაქტია, ასეთ პატარა სახლში ნივთს ვერსად მივაგენი (ან ჩიტმა წაიღო, ან — ჰაერმა).
თითქოს ხომ რამდენიმე თვეა ტიფლისში ვცხოვრობ და უნდა ვერკვეოდე უკვე ტრანსპორტ-მიმართულებებში (წესით და რიგით), მაგრამ ნურას უკაცრავად. ყოველ ჯერზე, როცა ან სადმე მიწევს გასვლა, ან სახლში ვბრუნდები, ავტობუსები მერევა და წრეებს ვარტყამ, როგორც უგზო-უკვალოდ დაკარგული პინგვინი. ჰარი პოტერის პირველ ნაწილში, რონიმ და ჰარიმ მაკგონაგალის გაკვეთილზე დააგვიანეს, რაზეც მინერვამ უთხრა, რუკად თუ საათად გადაგაქციოთო. ვფიქრობ, მე ორივე არსებად ყოფნა მჭირდება, რადგან ეს ორი ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია.
რაკიღა ზევით ფილმი ვახსენე, იმასაც გაგიზიარებთ, რომ 2-3 დღეში Stranger Things-ის ყველა სერიას ვუყურე და ჯერაც აღფრთოვანებული და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. რა კარგი იქნებოდა, ჩვენი ყოველდღიურობაც ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო (ნუ, მთლად ასეთ მასშტაბურ მონსტრებთან ყოფნაც არ გვინდა, okay?). ამიტომ, თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ ამ სერიალის ყურება, რადგან პატარა ელი უაზროდ არაფერს გაუწევს რეკომენდაციას. მერე კი შეგვიძლიათ ვიტიტინოთ და ჩვენს ფანტაზიებში (!) უხილავ ვეკნას, გონების მიმტაცებელსა თუ დემოგორგონს შევებრძოლოთ (ჩვენსავე გონებაში თან ვიქონიოთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რითაც მათ მოვსპობთ (ეს ბოლო სიტყვა საეჭვოა)).
მთელმა დუნიამ იცის, რომ მე და ჩემს ჯანმრთელობას კატა-ძაღლური ურთიერთობა გვაქვს და კონსესუსს ვერ ვპოულობთ. ზოგჯერ ის იმარჯვებს ჩემზე, ზოგჯერ მე — მასე და ასე დავდივართ წრეზე, არ გვბეზრდება.
რამდენიმე დღის წინ, ოფთამოლოგთან ვიყავი. მორალურად მზად ვიყავი იმ მტანჯველი წვეთებისთვის, მაგრამ უშუალო პროცესის დროს, ექიმებმა რომ შემატყვეს სახეზე სიმჟავე, სხვა გზა არ გვაქვსო, — მითხრეს.
ეს იყო პირველი შემთხვევაში, როცა კლინიკაში მეტ-ნაკლებად მხიარულად ვიყავი და Dumb&Dumber-ის პერსონაჟების მსგავსად, იდიოტივით მეღიმებოდა-მეცინებოდა (ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურებაა, ვისიც უსაზღვროდ მადლიერი ვარ).
ტრადიციულად: შემდეგი ბლოგი გამოიცხვება მაშინ, როცა მზაობა მექნება რაღაცები საჯაროდ ვთქვა და ფერადი ტანსაცმელივით გავფინო თოკებზე.
თუ გაინტერესებთ ჩემი ამჟამინდელი მორალური მხარე: წინა კვირეებისგან შედარებით დასტაბილურდა ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ ბოლომდე მიჭირს იმის თქმა, რომ კარგად ვარ.