November 14, 2022

ოცნებაშესხმული ფრთა

ოცნებაშესხმული ფრთა

რაზე ვოცნებობთ ადამიანები ან როდის ვიწყებთ ოცნებას? გვჭირდება ეს ფენომენი? — თუ კი, მაშ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ოცნება?

ადამიანების ცხოვრება ან ხანმოკლე, ან გრძელვადიანი ჯაჭვური ციკლია, რომელშიც ათობით და ასობით ფენომენია მოქცეული. ზოგი რამ, თუმცა უკეთესია, თუ ვიტყვი, რომ უმრავლესობა, ერთი მეორისგან გამომდინარეობს და ცალ-ცალკე აღებული არც ისე სიცოცხლისუნარიანია.
დაბადების პირველივე წამიდან ავტომატურად ვებმებით ამ ციკლში და ნელ-ნელა ვიწყებთ რაღაცების კეთებას, ჩვენს გენებში ჩაბეჭდილი ამა თუ იმ ფენომენის გაცოცხლებას და მასთან ერთად თანაცხოვრებას. სავარაუდოდ, ადამიანთა დიდმა ნაწილმა იცის, თუ რა ეტაპებს მოიაზრება ჩვენი გაზრდა-განვითარება; ამ შეუცნობელი სამყაროს შვილებად მოვლენის წამიდან მოტორული ეტაპების გავლა გვიწევს 2 წლამდე. შემდეგ, ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო სტადიაში გადავდივართ და აქედან იწყება აღმაფრენები — პრეოპერაციული უნარების ფაზა, რომლის დროსაც ვრთავთ ფიქრის უნარს, რასაც მოჰყვება უშრეტი სურვილი, მისწრაფება და, რა თქმა უნდა, დიადი ოცნებები.
მიუხედავად ამ ჩამოწერილი სტატისტიკისა, ალბათ, ყველამ რომ ჩავფიქრდეთ და წარსულის ფაილებში სწრაფად დავიწყოთ ქექვა, თავის ნელი და რიტმული რხევით ამოვილუღლუღებთ, რომ ასე ნამდვილად არ იყო ჩვენს დროს, ჩვენს ბავშვობაში ან დიდობაში, ან ახლაც...

ყოველთვის და ყველანი ჩვენებურად გავდივართ სავალ გზას. ზოგი უფრო ადრე ვიწყებთ ოცნებას, ზოგი – გვიან, ზოგი ერთ რამეს ვოცნებობთ, ზოგი – ერთზე მეტს. ოცნებებში არ არსებობს საზომი, არც საზღვრები და არც – ლიმიტები, და თუ არსებობს, ეს ისევ ჩვენი, ადამიანების ხარჯზეა — წარმოიდგინეთ და შეგიძლიათ არც წარმოიდგინოთ, უბრალოდ გაიხსენოთ, როცა რაღაცაზე ოცნებობდით, მშობელმა/მშობლებმა როგორღაც, დიდი წვალებით აგისრულათ/აგისრულეს ნატვრა და უნებურად წამოსცდა(თ), – „მეტი აღარ მთხოვო/გვთხოვო, ვერ შეგპირდები(თ)“. ამის მერე, როგორ და რა ნამუსით გინდა დაიწყო წინასწარ განწირული ოცნება შენთვის მიუწვდომელ ობიექტზე... და მაინც, თუ დაიწყე, შენთვის, მალულად და გულჩათხრობილად.

ბავშვობა ყველასთან ნაირნაირია, ზოგთან უფრო ფერადია, ზოგთან – შედარებით ნაცრისფერი, მაგრამ ასეც და ისეც, ცხოვრების მაგ ეტაპზე ვპოულობთ გასაღებს და ვაღებთ ოცნებების კარს, რომელიც თითქოს აღარასდროს იხურება და ნებისმიერ წამს შეგვიძლია შევვარდეთ და მანდ ვიპოვოთ თავშესაფარი, დავიცვათ საკუთარი თავები; თუ რისგან, ამაზე უკვე ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხი გვაქვს.

ოცნებებზე საუბარი სულ მერიდებოდა, მეშინოდა და თავს ვარიდებდი. რაკიღა ამ ბლოგის იდეა მომწიფდა ჩემს გონებაში და წერაც დავიწყე, მეტი გამბედაობა მმართებს და ბოლომდე უნდა გავაჟღერო.
ახლა ვფიქრობ და ბევრი ოცნება მქონდა, ნაწილი ასრულდა. ბევრიც ახლაც მაქვს – ზოგი ასრულებადია, მაგრამ 1-2 ისეთია, ღმერთებმა თუ არ მოისურვეს, სამარადისოდ ოცნებები ერქმევათ და ერთმანეთს ტკბილ-მწარედ შევაბერდებით.
ჩემი პირველი ოცნება ერთ-ერთი ყველაზე ფაფუკია და ყველაზე მეტი მტვერი სწორედ მას ადევს. მიუხედავად იმისა, რომ ტლანქი, მოუქნელი და ყირამალა ადამიანი ვარ, აგერ უკვე 10 წელზე მეტია, ბალეტს ვეტრფი.
ჩემი ახლობელი, რომელიც მეზობელიც იყო, ბალეტზე დადიოდა. ჩვენი ოჯახებიც ერთმანეთთან ახლოსაა და არასდროს ყოფილა პრობლემა, რომ მათ გავყოლოდი უბრალო რეპეტიციაზე თუ ღონისძიებაზე. ხშირად მივყვებოდი, კუთხესთან ვჯდებოდი და ვუყურებდი, ტანწერწეტა სხეულებს როგორ აშრიალებდნენ იქით-აქეთ, ფონად კი მასწავლებლის კივილი ახლაც ჩამესმის.
სანამ ის ბალეტზე დადიოდა, იქამდე მეც – თუ ასე შეიძლება ვთქვა. ათობით დეტალი მახსოვს: ჩაცმულობა, მუსიკა, სავარჯიშო დარბაზი, გოგოების მშობლები, საბალეტო შენობა, პუანტები და ა.შ.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ თან ვიცი, ჩემში იმედს არ ვკლავდი; იმედით ველოდებოდი, რომ აი, ახლა დედა შემიყვანდა ბალეტზე, რომ ახლა მეც და ახლობელიც, ორივენი ერთად ვივლიდით, სახლშიც ერთად ვივარჯიშებდით და დაუსრულებლად «ერთად». სურვილის გიგანტურობის მიუხედავად, წლების შემდეგ ოცნებათა თაროზე შემოსკუპდა და მას შემდეგ იქაა, თავისთვის ეულად და მტვრის ნაწილაკებში იხრჩობა, თუმცა გვიანი ჯერაც არ არის.
3 თუ 4 წლის წინ, ქუჩაში შემთხვევით ბალეტის მასწავლებელს გადავაწყდი და გავაჩერე. უკვე საკმაოდ გაზრდილი ვიყავი და ვკითხე, თუ იყო შესაძლებელი, რომ ამხელა მოსწავლე ინდივიდუალურად აეყვანა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი უარი მივიღე, ამავდროულად, კმაყოფილიც ვიყავი ჩემი თავით, რომ გავბედე მისვლა და კითხვა.

ასევე, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი ძველი ჩანახატი, რომელიც ბალეტს ეხება.

ჩემი ბავშვობიდან მხიარულად მახსენდება ორი რამ – «როლიკები» (გორგოლაჭები) და ველოსიპედი. ზევით უკვე აღნიშნული მაქვს, რომ მოუხერხებელი ადამიანი ვარ და არა მგონია, ვინმეს გაუკვირდეს, რომ წლების წინ უბნის ორი ბავშვიდან, ერთს გავუფუჭე გორგოლაჭები (ბალახზე ვიარე...), მეორეს კინაღამ – ველოსიპედი. ორივე შემთხვევაში ტარებას ვსწავლობდი, თუმცა მაშინ ამაოდ. მახსოვს, როცა ველოსიპედზე დავჯექი, რამდენიმე ბავშვი მაგულიანებდა და ყველა ჩემი წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა – ჩემ გარდა, რა თქმა უნდა.
ლოგიკურად მისახვედრია, რომ მაგ დროს ტარება მაინც ვერ ვისწავლე და აღარავინ მითმობდა საკუთრებას.

პანდემიის პირველი ტალღებისას, როცა ყველა, მოკვდავნი და უკვდავნი სახლებში გამოვკეტეთ თავები, მოწყენილობის ჟამმა დაისადგურა. ვისღა უნდოდა მეზობელთან ჭორაობა, ფილმების ყურება, ჭამა, ძილი და ერთი და იმავე ადგილას მემილიონედ სეირნობა. მართალია – არც არავის, ყველასთვის მოსაბეზრებელ საქმიანობად იქცა.
აპრილის თვეში «ჩემს ვერშემდგარ ნათლიას» შევხვდი, რომელიც მგონია, რომ ფერიაა დიდი ძიას მიღმა. საუბარმა მოიტანა და რაკიღა უამრავი კონტაქტი ჰყავს, ვთხოვე, გაერკვია, ვინმე თუ აქირავებდა ველოსიპედს, რომ ცოტა ხნით ბავშვობის ოცნება რეალობად მექცია. რამდენიმე დღის შემდეგ მწერს, რომ სულ მალე ჩამოვიდოდა ველოსიპედი და სულ ჩემი იქნებოდა...

მწვანე ფერშიც იყო, მაგრამ არ მომეწონა, როგორიც იყო, — ზედ მოაყოლა.


9 მაისი იყო და სხვა საქმე რომ არ მქონდა, დავიძინე. უცებ ზარის გამაყრუებელი წკრიალი მოსწვდა ჩემს სმენას და ჰაერში ავიჭერი. რაც კი ხელში შემხვდა, ყველაფერი მოვიცვი და გარეთ ჩავედი. კორპუსის გვერდით, ორი კაცი იდგა და მათ წინ ჩემი მომავალი ველოსიპედი, ქარონი, ორი ყვითელი ბაფთით...
იცით, როგორი ქაოსური და ამაღელვებელი განცდაა, როცა ერთ დღესაც იღვიძებ და შენი ოცნება ფრთაშესხმულია? როცა სხვა ინდივიდი, რომელსაც არავისადმი აქვს ვალდებულება, დგება და შენზე, ზრუნვა-სითბომოკლებულ ადამიანზე, ზრუნვას იწყებს, საკუთარი ფრთის ქვეშ გმფარველობს?... ქარონის დანახვისთანავე, ყველაფერი გადამავიწყდა და პირველი, რაც ვქენი, თქვენთვის უცნობ, მაგრამ ჩემთვის კარგად ნაცნობ ძია-ფერიას ჩავეხუტე და ცისხელა მადლობა გადავუხადე.
არც ვაციე, არც ვაცხელე, ეგრევე ტყეში გავვარდი და რატომღაც ველოსიპედის ტარება პირველივე ცდაზე გამომივიდა, ოღონდ ერთ მომენტში გემრიელად მაინც ავსრიალდი.
რასაკვირველია, ყველა, დედაც, ფერიაც, მეზობელიც, არამკითხე მოამბეებიც, იმას ჩამჩიჩინებდნენ, რომ ტრასაზე არ გავსულიყავი. მრავალი კილომეტრის დაფარვის, უწყვეტი მოძრაობის შემდეგ, მაისის ღრუბლიან ამინდში თავს შევძახე, რომ დრო იყო, ნაბიჯი გადამედგა და ახალი სირთულის წინაშე აღმოვჩენილიყავი.
ჩემს პაწია ხელებში ძალა მოვიკრიბე, კაპიუშონი მოვიხადე და ტრასაზე გავედი, – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმაფრენა იმათ შორის, რაც განმიცდია. პედლების (სატერფულების) მუდმივ ბრუნვასთან ერთად ჩემი სიხარულის სკალა უფრო და უფრო მაღლა მიქროდა, არც დაღლა მიგრძნია და საერთოდაც, მინდოდა, ყველა გარეთ გამოსულიყო და ეყურებინა, როგორ მიფრინდა პატარა ელი და ხმამაღლა ეცინებოდა, თვალებიდან კი ვარსკვლავთცვენა მოედინებოდა. მინდოდა, ენახათ, რომ უყურობა არ იყო ბარიერი და აპრიორი იმისა, რომ მანქანების ხმას ვერ გავიგონებდი ან საფრთხეს ვერ ვიგრძნობდი.
როცა ტყიდან ქალაქის დასასრულში აღმოვჩნდი, მაშინ გავჩერდი. რომ შემძლებოდა, საკუთარ თავს გულში ჩავიკრავდი, მადლობა ისედაც გადავუხადე.
სახლთან მისვლისას კი, დედას დემონსტრაციულად ვანახე, როგორ შეეძლო უკვე მის შვილს თავისუფლად და უსაფრთხოდ ნარნარი.
აქვე, კიდევ ერთხელ, თქვენთვის უცნობ, ჩემთვის კი – ნაცნობ ფერის, მადლობა, რომ ოცნება ამიხდინა!
ქარონის ნახვა აქ შეგიძლიათ.

ოცნებები როდის აღებენ კარს და ცვივდებიან ოთახში?
ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, რომ წინასწარ რაღაცაზე ჩაციკვლა, გაუჩერებლად საუბარი, არცერთ სულიერს არგებს, რადგან გვინდა, არ გვინდა, მაგ დროს სწორად არ ვითარდება მოვლენები. ისიც ხომ გვსმენია, რომ ცხოვრებასთან თამაშისას ფრთხილად უნდა ვიყოთ – არც გადამეტებული მასხრობა ვარგა, არც გადამეტებული – არშიყი. საერთოდაც, ვგონებ, ცხოვრებასთან არც საქმის დაჭერაა მშვენიერი აზრი; არცერთმა ღმერთმა არ იცის, როდის რა მოეპრიანება. ამიტომ, ყოველთვის და ყველგან ადამიანებმა უნდა ვიმოქმედოთ ხან კუს ნაბიჯებით, ხანაც – მზის სხივის სიჩქარით. მთავარია, ვიმოძრაოთ და ფეხის ფეხზე გადადებას სხვა რომელიმე სამყაროში ნამდვილად მოვასწრებთ.

ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო და ვითომ რატომ არ მოუკლავს, საიდან იღებს დასაბამს ეს ფრაზა, რომელმაც თავისი დრო მოჭამა უკვე?
ოცნებებზე ყოველთვის დიდი იოსები და ბერბერა მახსენდებიან, რომლებიც წლების წინ «გავიცანი» და თავს ხშირადაც მახსენებენ. რა თქმა უნდა, აქ და ახლა დამსპოილერებლის როლს არ მოვირგებ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ოცნებებს სიფრთხილე და ზრუნვა სჭირდება; ზოგჯერ ოცნება კაცსაც კლავს და ეს სავსებით ბუნებრივია, თუკი მას უდიერად ექცევიან და არც აღიქვამენ როგორც ცალკე მდგომ სულიერ არსებას, რომელსაც ჩვენსავით რეალურად გააჩნია გრძნობები.

ოცნება, როგორც ზევით აღვნიშნე, ჩემთვის ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ქიმიური რეაქციების წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია და მეტად სპონტანური ხასიათისაა — უეცრად და მოულოდნელად შეუძლია იფეთქოს, როცა არავინ ელოდება, თუმცა ამ მყისიერი ცვლილების მიღმა ორივე სუბიექტის ურთიერთმოქმედება იმალება.

ადამიანებს, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გვქონდეს ოცნებები, ოღონდ არ აქვს მნიშვნელობა, ოცნება რა სახის იქნება — აბსტრაქტული თუ კონკრეტული, მორალური თუ მატერიალური. ჩვენთვის ოცნებების ქონა აუცილებელიც კია, რათა ის კვანძური ნაწილები შევსებული გვქონდეს, რომლებიც გაერთიანებულია ჩვენს გონებასა და სხეულში. როცა ოცნების უნარი კვდება, ცარიელდება უხილავი თასები. შედეგად, უშინაარსო ფეროვნებად გარდავიქმნებით.

ახლა ოცნებობს ელი?
სიმძიმეების ზიდვის პარალელურად, ოცნებასთან ხელიხელჩაკიდებული დავდივარ და არსად ვუშვებ. მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, ჩემი ახლანდელი ოცნებები ჩამქრალ ჩირაღდნებს ჰგვანან, რომელთათვის სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნება ფანტასტიკური ჟანრია, შორეულ და ყველასათვის უხილავ კუნძულზე ვსხედვართ მე და ჩემი იოტისოდენა იმედი და ერთმანეთს ვამხნევებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ სამშვიდობოზე გავცურავთ და ცა, რომელიც ასე მოქუფრულად გვიმზერს, აკიაფდება ჩვენთვის.

ტრადიციულად: შემდეგი შეხვედრის თემა და თარიღი უცნობია არა მხოლოდ თქვენთვის, მკითხველებისთვის, არამედ ჩემთვისაც, როგორც ავტორისთვის.
Post scriptum: არ შეწყვიტოთ ოცნება, იოცნებეთ ბოლომდე, რადგან ამ ფენომენს ვადა არასდროს გასდის. დაე, თქვენს ოცნებებს ფრთები შეესხას!