სად მივყავართ გზებს?
ერთ-ერთმა გზამ ჩემს ბლოგამდე მიმიყვანა; აი, იმ ბლოგამდე, რომლის შექმნაზეც ორი წლის წინ დიდი რესურსი ჩავდე. ჩემი ბოლო გაუჩინარება ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა – 1 წელი ამბების გაზიარების, უხილავ ადამიანებთან ლაქლაქისა და კლავიატურის წკაპა-წკუპის გარეშე.
ეს ბლოგი ყოველთვის არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მე, ელი, ბლოგისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი, იმაზე ხშირად ვქრები ორმოებში, ვიდრე საჭიროა.
ერთი წლის განმავლობაში ყველგან ვიყავი, სადაც კი შეიძლებოდა ყოფნა: წუმპეებში, დარდებში, პრობლემებში, საქმეებში, ბედნიერებაში. თითქმის ყველა ადგილ-კუნჭული მოვიარე, რომელსაც ჩემი ხელ-ფეხი და გონება მისწვდა.
ამ გზის ბოლო პუნქტი იმის აღიარება იყო, რომ ჩემი ბლოგები, საუბარი და წერა მენატრებოდა, სხვა დეტალებს კი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
გზა ბევრია და ყველანაირის ნახვის შესაძლებლობა გვაქვს ადამიანებს მანამ, სანამ ცოცხლები ვართ. ყოველდღიურად ათას გზას გავდივართ, ზოგს პირდაპირ, ზოგს – ირიბად, ზიგზაგებით, შემოვლით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში – სწორხაზოვნად. ისე მივდივართ, როგორც კონკრეტული გზა გვკარნახობს, როგორი სიარულიც ამ გზას სჭირდება.
ჩვენთვის განკუთვნილ სავალ გზებზე სეირნობა, ლასლასი, ძუნძული, სირბილი, ბორძიკი და სხვა სახის მოძრაობები ხანდახან ისეთი აუტანელია, რომ სული ყვირილს იწყებს, არაბუნებრივ, ყურისწამღებ ყვირილს, რომელიც აქამდე არ გაგიგონია და შენც იწყებ აწკმუტუნებას, როგორც ქუჩაში, ღია ცის ქვეშ მიტოვებული ლეკვი. შენი თავის გაუცხოება ამ მოვლენასთან და იმის სურვილი, რომ მაგ გზას გაექცე – ისე გბოჭავს და მარწუხებში გამწყვდევს, რომ ძვრას ვერ უშვრები თავს – მექანიკურად აგრძელებ ქმედებას, რომელსაც სულის აწიოკებამდე ასრულებდი.
გასული წლიდან დღემდე ბევრი მოვიარე და გამოვიარე. მისი შეჯამება არ გამომივა, რადგან იმდენად არაერთგვაროვანი, კაშკაშა და ჩაჟამებული მომენტებით გამსჭვალული იყო, რომ მიჭირს საზღვრებში მოქცევა და რაიმეს წოდება. ამიტომ ამ ბლოგში, ალბათ, ბევრს ვილაპარაკებ, როგორც მჩვევია, მაგრამ უფრო ბევრს, ვიდრე მოელით.
სამსახური
16 წლიდან რომ კონკიაობა დავიწყე, იმის მერე ვმუშაობ და ათას საქმეს ვასრულებ, ოღონდაც თავზე ჭერი გვქონდეს მე და ჩემს აგათას (კატა). განსაკუთრებით მაშინ აბობოქრდა მუშაობის პროცესი და აგუგუნდა გამოცდილებების გამოძერწვის ქარხანა, როცა ზღვისპირეთიდან ავიბარგე და თბილისში დავიდე ბუნაგი, ანუ 2 წელზე მეტი ხნის წინ.
ყველაფერი ძებნით და სურვილით იწყება, რის გამოც მიღებული ათას ერთი შემოთავაზების დახარისხება და უბრალო დიალოგებიდან გასაუბრებამდე, უარიდან დიახამდე მისვლა მომიწია. ჩემს სამუშაო გამოცდილებას რომ გადავავლო თვალი, ახალი სამსახურის პოვნა არასდროს ყოფილა მარტივი პროცედურა; უნდა გადალახო ადიდებული ზღვა და მერე რა, რომ ცურვა არ იცი – უნდა შეძლო, რადგან შენი ყოფიერების დღეები სასწორზე დევს და შენ გარდა არავინ მიხედავს, მოუვლის და გადაარჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისგან ისმენ მხარდასაჭერ ტექსტებს, ყველაფერი მხოლოდ შენს ხელთ და კისერზეა.
2022 წლიდან რამდენიმე ადგილას ვიმუშავე და ვმუშაობ. ერთ-ერთიდან რამდენიმე თვის წინ გამომიშვეს და მაშინ პირველად განვიცადე მანამდე შეუცნობელი ემოციები. მაგალითად, საბოლოო დამშვიდობებამდე, სანამ ახალ კადრს ავუხსნიდი და გადავაბარებდი ჩემს ორმოცგონების წყალობით შეკოწიწებულ საქმეებს და უჩინარ დასტას, აღმოვაჩინე რა, რომ თურმე რამდენი მისწავლია დამოუკიდებლად, რამდენ სიტუაციას გავართვი თავი, როგორ ეფექტურად გამინაწილებია ჩემი რესურსები. ამის დანახვამ და გაცნობიერებამ ახალი ფიქრები და განცდები გააჩინა ჩემს თავში. ერთი მხრივ, დამენანა საკუთარი შრომა და იმ ნაყოფის მიტოვება, რომელზეც 2 წელი ვზრუნავდი, მეორე მხრივ კი, რაღა დასამალია, სიამაყით გავიჯგიმე, როცა უკან მოვიხედე და გაკვალულ გზას დავხედე.
ცხადია, არსებობს მესამე მხარეც და საკმაოდ ბუნებრივიც – შემომიტია დარდმა, როგორ გავუმკლავდებოდი შემოსავლის შემცირებას, რასაც დღემდე ვებრძვი და ჯერჯერობით ძლივძლივობით. ხშირი კრიზისები და ჩავარდნები უფრო ხშირი ხასიათის გახდა, რასაც ჩემი მენტალური მხარე ეწირება.
გასული წლის ნოემბერში საკმაოდ უცაბედად და უცნაურად მუშაობა დავიწყე საკუთარ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე. თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრი გავხდი და სხვა სტუდენტების მხარდაჭერა ჩემი საქმე გახდა.
აქამდე 209-ე აუდიტორიაში მნახავდით ყოველდღე ხან ლეპტოპში თავჩარგულს, ხან – სტუდენტთა ნაწერებში, თუმცა ისეთი დამუხტული ვიყავი სიახლით, გარემოთი, თანამშრომლების სიკარგითა და შესაძლებლობით, რომ მართლა ფარფატით მივდიოდი ყოველ დილით ჭავჭავაძის #1-ში.
მოგვიანებით დისტანციურად გავაგრძელე საქმიანობა და ვაგრძელებ ახლაც.
უნივერსიტეტის პარალელურად, საბავშვო მაღაზიაშიც ვმუშაობ ბლოგინგის და კონტენტის მიმართულებით. აქაც დისტანციურად. კიდევ ერთი პარალელური შრომა, თუმცა ფრილანსერული ხასიათის, საქართველოს ბანკის ბლოგერობაა.
სახლიდან ვმუშაობ და ზოგჯერ ისე ვიღლები გადაბმული დავალებებით, სტანდარტული საქმეებით, რომ მომენტებში მიტევს ფიქრი, რომ სრულიად არაფერს აზრი არ აქვს და შევეშვა, გავქრე თვალთახედვის არეალიდან.
გარკვეული დროის განმავლობაში, დედაჩემს (ჩემი ოჯახი 2-კაციანია, დედა და ძმა) ბოლომდე არ ჰქონდა გასიგრძესიგანებული, რომ ადამიანები შინ მოწყობილი სამუშაო გარემოთიც ვიფიტებით, ზოგიერთ დღეს კი მარტივ მამრავლებადაც ვიშლებით, რადგან გვიწევს ზედოზირებულად მუშაობა, საქმეების მოწესრიგება, მოსწრება, დედლაინებთან პაექრობა და არც იმის დავიწყება, რომ სტაბილურად ვისუნთქოთ.
დღეს უკვე იცის დედაჩემმა, რომ ნამდვილად დაქანცულია ჩემი გონება და, შეიძლება ითქვას, გადამწვარიც კი. იღვიძებ და უჯდები კომპიუტერს, რომელიც ერთგვარად შენი მარჩენალია, არაკუნებ კლავიატურას, ზოგჯერ ტვინის რუხ უჯრედებს აძალებ, რომ საცობი და კოლაფსი არ შექმნან, განაგრძონ ფიქრი და იდეების ჩვეულ რეჟიმში მოწოდება, მაგრამ... ყველაფერი ყოველთვის ასე ვერ და არ არის.
სახლში მოწყობილ სამუშაო მაგიდასთან გატარებული ყოველი საათი ხან თვალის დახამხამებაში გადის, ხან კუსავით მიიზლაზნება, საქმეები კი ან ორმაგდება, ან ცოტავდება, ანდაც აქეთ გიწყებს ბღვერას და უნებურად ხმამაღლა ლაპარაკს იწყებ კომპიუტერთან, რომ გაგიგოს, გვერდში დაგიდგეს, არ გაიჭედოს, ინტერნეტსაც მოდუნების საშუალება არ მისცეს.
დისტანციურად მუშაობას ყოველთვის დადებითად დავახასიათებ, მიუხედავად იმისა, რომ როცა სამსახურის ასეთ მოდელზე ხარ, პირად დროს იპარავ და მთლად გაწერილი საათებით არ მუშაობ – ითვისებ ყოველ წუთს და ხანდახან მთელ ღამეებსაც. ამ პრობლემის გადაჭრაც შეიძლება, თუკი დასაქმებული პირი ძალიან მოინდომებს, გაიაზრებს ვითარებას და სხვა დეტალებს. ჩემთვის სახლიდან მუშაობა ყოველთვის იქნება პრიორიტეტული და მოსახერხებელი, რამდენიმე უარყოფითი დეტალის გამოსწორება კი ადამიანურ/კატურ ძალებს არ აღემატება და მათი დადებითად ქცევაც ჩვენს სურვილ-შრომაზეა დამოკიდებული.
შინ ყოფნა და შენი ბუდიდან მუშაობა ბევრ რამეში გეხმარება – მაგალითად, გარეთ თუ ცა მიწად ჩამოდის, შეგიძლია არ იდარდო ქოლგის არქონასა და გალუმპვაზე, არამედ მშვიდად ადგე, ყავა გაიმზადო (მე პირადად ყავისტი ვარ) და თითო ყლუპის დახმარებით ძილ-ბურანიდან გამოხვიდე. ესეც რომ არა, ტრანსპორტზე გეზოგება თანხა, საცობებს კი თავს არიდებ. განსაკუთრებით ის მაცინებს ხოლმე, როცა შესვენებებს ვიღებ, სარეცხს ვფენ და ამით ვცდილობ განტვირთვას.
ამ ზაფხულს 3 კვირით გავიხიზნე მშობლიურ მხარეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სხვებივით შვებულება არსად ამიღია გარკვეული მიზეზების გამო. თან მუშაობა, თან დასვენება – ასეთი კომბინაციური ფორმულით გავატარე ნახევარი აგვისტო. სამუშაოს მიღმა ძირითადად წიგნებს ვკითხულობდი, ზღვაზე დავტანტალებდი (სხვათა შორის, ბოლოსკენ იმდენი მოვინდომე, რომ მე და ჩემი ძმა არხეინად დავიფუფქეთ, თუმცა ახია ჩვენზე – ზუსტად იმ საათობრივ შუალედში ვიყავით, რომლის დროსაც ბევრად უკეთესია სახლში ყოფნა, ანუ დღის 2-იდან 5 საათამდე, ხვატსა და საუნაში), ველოსიპედით ვსეირნობდი და ამდაგვარი წვრილმანი აქტივობები, რომლებითაც საკმაო სიამოვნების მიღებაა შესაძლებელი.
სწავლის უკენწეროება
აგერ მეოთხე კურსის ასაკისა მოვიყარე და ის კენწერო, რომელსაც ყოველი მეორე გაიძახის, ჯერ არ ჩანს; არც გამოჩნდება კიდევ ორი წელი, ვინაიდან ბლომად ჩავიტოვე ყველა შესაძლო ჩასატოვებელი საგანი და, სავარაუდოდ, 1 წელი მემატება.
გადასარევი პინგვინი ვიყავი თავის დროზე, მაგრამ ყოფამ, საქმეებმა, მუშაობამ და, უბრალოდ, დაღლამ თავისი გამოიღო – ვერც სათანადო დროს ვუთმობ საუნივერსიტეტო სწავლას, ვერც სურვილ-იმპულსს ვპოულობ, რომ დავჯდე და ვიკითხო პროფესიული ლიტერატურა, შევქმნა პრეზენტაციები და ვწერო თემა-ესეები.
პირველ 4 ჩარჩენილ საგანს ჯერ 2, მერე კი სრული სემესტრის ჩაყლაპვა მოჰყვა. უმაღლივობაც კი არც ისეთი სასიხარულო აღმოჩნდა, როგორც მეგონა. აი, ერთ საღამოს, როცა ლეპტოპში ვიყავი თავჩარგული, ერთ-ერთი საგნის ჩატში შევიხედე სპონტანურად (რომელიც, როგორც ყველა დანარჩენი, და-mute-ებული მქონდა) და სადღაც სიმი ჩამწყდა – მეც მინდოდა მედარდა მოახლოებულ გამოცდებზე, მეკითხა ათობით გვერდი და წარმომედგინა, როგორ მიმწვანდება საგნები, მაგრამ ამის ნაცვლად ვმუშაობდი და ვხვდებოდი, იმ ეტაპზე ვიყავი (ვარ), რომლის დროსაც პრიორიტეტი კარიერა, ფინანსური კეთილდღეობა და ვალდებულებებთან გამკლავებაა.
ზოგს საკმაოდ უმართლებს, ზოგს – ნაკლებად. უქოლგო ადამიანი ვარ, საკუთარი თავის სრული მარჩენალ-მზრუნველი. არც მამა მყავს, არც ბებია, არც სხვა ნათესავები. დედას კი, რომელსაც მეორე და უმცროსი, არასრულწლოვანი დიაბეტიკი შვილი ჰყავს, არცერთ შემთხვევაში არ და ვერ ვთხოვ რამეს. ასე მგონია, საკმარისი მოვითხოვე წარსულში და აწმყოში უკვე ამის ადგილი აღარაა. ყოველთვის მირჩევნია, ჩემს პაწაწა ოჯახს იქით დავეხმარო და მას ჰქონდეს ჩემი იმედი.
სწავლისადმი ინტერესი, ყველაფრის მიუხედავად, არ მიქრება; პირიქით, ხშირად ვფიქრობ, რომ ბაკალავრი სწორად ავირჩიე – შეიძლება არ ვარ გამორჩეული სტუდენტი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს ისრუტავს, 24/7-ზე სწავლობს, მაგრამ მთავარი, რაც მამოძრავებს – გულწრფელი ინტერესია. უნივერსიტეტის კედლებში ყოფნა, ახალი ცოდნის ძიება-მოპოვება და საკვანძო მომენტების დაჭერა ძალიან სასიამოვნოა.
ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რომლებისგანაც ადამიანი ხანდახან იმდენად იღლება, რომ საკუთარი სახლის კედლების მიტოვება არ უნდა – აი, ასე, უბრალოდ, უნდა დარჩეს 1, 2 ან მეტი დღე, არაფერი აკეთოს, გონება გაინიავოს და ცოტა ხნით მოშორდეს რუტინას.
ასეთი ძალაგამოცლილი დღეები ზოგიერთ ჩვენგანს უფრო მეტი აქვს, ვინაიდან ყველა ადამიანის ისტორია ინდივიდუალურია – განსხვავებული ბარიერებით, გზებითა და გრძნობა-ემოციებით.
ამ ბლოგის წერა როდის დავიწყე, აღარც კი მახსოვს, მაგრამ ნახევარი საუკუნით რომ დრაფტში გამოვამწყვდიე და პატარ-პატარა ლუკმებით ვასაზრდოვე, ჯიუტი ფაქტია და გვერდს ვერ ავუვლი. ამასობაში კი ქარმა ოქტომბერიც შემოაქროლა კალენდარში; თვე, რომელიც არჩევნებისკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას იტევს.
ხმის დასაფიქსირებლად ფოთში გამგზავრება მიწევს, მიუხედავად იმისა, რომ საამისო დრო და რესურსი დიდად არ მაქვს, თუმცა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ასეთია — ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ავირჩიოთ სწორი მხარე.
იმედს ვიტოვებ, რომ დასავლეთში ჩასულს მშვიდი ზღვა, ტალღოვანი ქვიშა და სამარისებური სიჩუმე დამხვდება, რაც ასე მაკლია აქ, ბეტონის ჯუნგლებში, ხოლო შინ ჩასულს – გამარჯვებით აყიჟინებული ადამიანების ზეიმი.
შეგიძლია მხარი დაუჭირო ბლოგს და მის ავტორს – ფანდრაიზინგი
წერა და ისტორიების, გამოცდილებისა და სიცილის გაზიარება ჩემთვის ისეთი რამეა, რითაც სასიცოცხლო მუხტს ვიღებ. დიდი ხანია, რაც არავერბალურმა კომუნიკაციამ და სისტემატურმა წერამ ჩემი ყურები ჩაანაცვლა და სხვა ჰორიზონტები გაშალა.
თუ გსურს წვლილი შეიტანო ბლოგის განვითარებაში და დამეხმარო, რათა მეტი შევქმნა, შეგიძლია ჩაერთო ფანდრაიზინგში. ნებისმიერი შემოწირულება მოხმარდება ბლოგის გაუმჯობესებასა და მის აქტიურ შენარჩუნებას.
კატური მადლობა! 🐈
საქართველოს ბანკი
#GE73TB7417945061100111
თიბისი ბანკი
#GE31BG0000000525718524
მიმღები: ტერეზა გალსტიან