October 5, 2022

ახლა კი მართლა გაფრინდა

ახლა კი მართლა გაფრინდა

ეს ბლოგი ჩემს გეგმებში არასდროს შედიოდა, მეტიც — არასდროს მიფიქრია მის იდეაზე, ყველაფერი უცებ მოხდა; ვიწექი, ვფიქრობდი და მოგონებები კარს ეჯახებოდნენ, ანგრევდნენ ჩემს გონებას და ცრემლებად გარდაიქმნებოდნენ. მაშინ მივხვდი, ყველაფერი უნდა გადამედო გვერდზე და წერა დამეწყო, რათა მომავლისთვის შემომენახა „წერილობითი დოკუმენტი“. იქნებ, მომავალში ამნეზია გველოდება რომელიმეს, ან მე, ან — მას, ან იქნებ — ორივესაც.

ეს ბლოგი ჩემს კრიზისის დაზე, ჩემზე — ჩვენზეა, კრიზისის დებზეა, რომლებიც ერთ დღეს ერთმანეთის გზებზე გადაეყარნენ და დღემდე ერთად ან ცალ-ცალკე მიდი-მოდიან.
ეს ბლოგი ჩემი სულის კივილის ამოძახილია და ერთადერთი საშუალებაც, რომ აფორიაქებული შინაგანი მე დავამშვიდო.
ეს ნაწერი, ამ ეტაპისთვის, ყველაზე ცრემლიანი, ყვირილიანი და ზლუქუნიანია, რაც კი დამიწერია.
ეს ბლოგი ჩემი ცრემლებითაა გაჟღენთილი და არა, სოფო, ბოდიშს არ მოვიხდი, რომ შენ გამო, ჩვენ გამო მეტირება და არც შევწყვეტ, როგორც იმ ბოლო დღეს მთხოვე.

არ მახსოვს, როდის და როგორ დაიწყო ჩემი და სოფოს ურთიერთობა, მაგრამ მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა. უფრო წინარე ისტორია კი ასეთია: ოდესღაც ორივენი ვსწავლობდით კერძო სკოლაში. გამოცდების პერიოდში მთელი სკოლის ბავშვები იქით-აქეთ დავეხეტებოდით და ჩვენს რიგს ველოდებოდით. მაშინ გატაცებული ვიყავი ჰარი პოტერის სამყაროთი, წიგნებს ვყიდულობდი და ვკითხულობდი, ყველგან სიკვდილის საჩუქრების ინიციალს ვხატავდი და ზუსტად მაშინ სოფომ დამინახა, თუმცა მაგ დროს არ დაწყებულა ჩვენი კრიზისის დობა.

ჩვენი პირველი შეხვედრა ზღვაზე შედგა, 2017 წელს. ნაწვიმარი იყო, დეკემბერი იდგა და მე სიფრიფანა კეტებით დავაბოტებდი. მახსოვს (გაფრთხილება: ამ ბლოგში ეს სიტყვა ათასჯერ შეგხვდებათ), სახურავზე ვისხედით, ვსაუბრობდით და მერე ჩემი ნაწარმოების განხილვა დავიწყეთ.
იმ დროს შეყვარებული ადამიანი ვიყავი და ჩემს დრამებზე უსასრულოდ ვუყვებოდი, აქეთ კი რჩევებს ვისმენდი.
ჩემი და სოფოს საცხოვრებელი ადგილები ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრში იყო. ზღვიდან ჯერ ჩემი სახლია, მერე — მისი (იყო). რა თქმა უნდა, იმის ნაცვლად, რომ მე წავსულიყავი პირდაპირ სახლში, მის სახლამდე ჩავედით და მივაცილე, უკან კი სრულ სიბნელეში ვიარე, რადგან ლამპიონებში დენი აღარ იყო.
მახსოვს, სახლში რომ მივედი, კეტები სულ ეკლებით მქონდა სავსე და მაგაზე მეცინებოდა, ვიდრე დასველებულ ფეხსაცმელზე.
იმ დღიდან ერთად დავიწყეთ გაზრდა და ცხოვრების ორ სხვადასხვა ბილიკზე სიარული ერთმანეთის მხარდაჭერით, სიყვარულით.

მართლა არ ვიცი, საიდან უნდა ვაგრძელებდე მოყოლას, რომელი მოგონება უნდა დავიჭირო ხაფანგში და გავაზიარო, როგორ გავუძლო სამი დღის წინ ნოსტალგიას იმის ფონზე, როცა ამდენი რამ გადაგვხდა თავს და ვინ იცის, იქნებ, მომავალშიც გადაგვხდეს კიდევ უამრავი.
მიჭირს ყველაფრის ერთიანად მოქცევა, ამდენი ისტორიის ასეთ მცირე დროში გადმოცემა, ყველა გრძნობის და ემოციის ზუსტად აღწერა, მაგრამ რაკიღა დავიწყე, გავბედე, ბოლომდე დავწერ და მონატრების გაქარვებას ვეცდები.
თანმიმდევრობას არ დავიცავ.

15 წლის ვიყავი და თუ არ ვცდები, 26 მაისი იყო. მოხალისეებად აგვირჩიეს ბევრი ახალგაზრდა და ყველანი ვესწრებოდით ღონისძიებას. რომ დასრულდა ყველაფერი, მიმოვიფანტეთ და მე დავრჩი მარტო, როგორც ყოველთვის. დავდიოდი იქით-აქეთ, ხან ვჯდებოდი, ხან ვწვებოდი ბალახებზე და მარტოობის ამოუხსნელ ტკივილზე ვფიქრობდი.
უცებ ისევ ერთმანეთს გადავეყარეთ და მახსოვს, როგორ მძიმედ ვგრძნობდი თავს და ზუსტად მახსოვს, რა სიტყვებიც მივახალე, მოურიდებლად —„ამდენი წლის ვარ და ჯერაც ვერ მიპოვია მეგობარი“, — ვთქვი თუ არა, უკან მივბრუნდი და წავედი. არ გამომეკიდა, იცოდა, რომ შეიძლება ავფეთქებულიყავი.
იმავე საღამოს ისევ მოულოდნელად შევხვდით. უკვე სახლისკენ მივდიოდი ფეხით, ის — თავისი ჟანგუნათი (ველოსიპედი, რომელიც მოჰპარეს და რომელიც ყველას გვენატრება) სადგურზე. როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ, რომ ვნახე და წყენაც თითქოს გაცამტვერდა. გვიან კი მომწერა, ისე იყავი, შენგან გველეშაპი ამოხტებოდაო და რა ვქნა, რომ მართალია ჩემი კრიზისის და? ზოგჯერ ისეთ ფეთქებად ნივთიერებას ვემსგავსები, ჩერნობილი რა მოსატანია.

ცხოვრების გარკვეულ ასაკამდე ძალიან ეჭვიანი ადამიანი ვიყავი; ყველაფერზე შემეძლო ეჭვიანობა, სულიერზე და უსულოზეც, კონკრეტულზე თუ აბსტრაქტულზე. ჩემს კრიზისის დას კი იმდენი ვიღაც ჰყავდა სანაცნობო-საახლობლო-სამეგობროში, რომ ახლა მიკვირს, ეჭვიანობის იმხელა ტალღას როგორ გადავურჩი. იმ დღესაც ერთ ადამიანზე ვეჭვიანობდი, რადგან მასთან იყო, მე კი — მარტო.
ამ ამბიდან მთავარი ისაა, რომ რამდენიმე თვის მერე გავიაზრე, რა ტოქსიკური ადამიანი ვიყავი და ამ გრძნობის გაქრობაზე დავიწყე მუშაობა. მივხვდი, რომ ადამიანი ჩემი საკუთრება არ და ვერ იქნებოდა. მას შემდეგ, თუ ოდნავ წავიეჭვიანებდი, არ ვამჟღავნებდი და სხვას არ ვუფუჭებდი განწყობას. დღესაც ასეა — თუ ვხედავ, რომ ეჭვიანობა მიტევს, ნეიტრალიტეტში გადავდივარ, რაც შეიძლება სწრაფად და საღ აზროვნებას ვიბრუნებ.

მგონი, 2018 წელი იდგა, შემოდგომა სუფევდა. ჩემი დირექტორისთვის კალას (ყვავილი) ვეძებდი და ჩვენ, კრიზისის დები და სოფოს დედა გაჩერებაზე ვიდექით და სამარშრუტო ტაქსის ველოდებოდით. მახსოვს, ნონა დეიდას ყვავილზე ვეკითხებოდი რაღაცებს და მერე სოფოს მივუბრუნდი, რაღაცაზე დავიწყეთ საუბარი.
რიგი მიზეზების გამო (რომლებიც, დღესაც, ჩემი აზრით, აზრს მოკლებულია), იმ დღიდან ჩემი კრიზისის და ქედმაღალს მეძახის, რადგან ადამიანებთან ძალზედ სპეციფიკური არსება ვარ, ყველასთან არ ვიწყებ კომუნიკაციას, ზოგზე კი, მხოლოდ ერთი შეხედვით უკვე ვიცი, არის თუ არა ის ადამიანი ჩემთან ახლოს დასაშვები და ა.შ. და მაინც, ამდენი წელია, ჩვენ ორი ამ საკითხს განვიხილავთ და ორივენი ისევ და ისევ ჩვენს პოზიციებს არ ვთმობთ. პირადად მე, არც დავთმობ.

2018 წლის ნოემბერში პოეზიის საღამო მქონდა. გალაკტიონის „მატარებელი“ ავირჩიე და სოფოს სახლს მივაშურე, სადაც მთელი ამალა მელოდებოდა. მისმა რჩევა-ახსნებმა და კითხვამ რომ გაჭრა, ნონა დეიდა ჩაერთო საქმეში და ლექსი წამიკითხა ისე, როგორც საჭიროდ იყო. საბოლოო ჯამში, უფრო მეტად გავერთე, ვიდრე ის ლექსი სათანადოდ ვისწავლე, ხოლო კრიზისის დას ნერვები ავუმღვრიე, უნიჭო რომ გამოვდექი.
მაგრამ ახლა ვაბუქებ, ეგრე ცუდადაც არ ვკითხულობ ლექსებს, მენდეთ.
იმ პოეზიის საღამოზე სიგელი გადმომცეს, როგორც იმ ადამიანს, რომელმაც ყველაზე მხატვრულად წაიკითხა ლექსი.
რომ დასრულდა სანახაობა, მერე შევნიშნე, რომ ჩემმა კრიზისის დამ მართლა მოახერხა ჩემთან მოსვლა, ჩემი მოსმენა და მგულშემატკივრობდა.
გასაკვირი არ იქნება, რომ ვთქვა, გალაკტიონის ეგ ლექსი დღემდე მახსოვს და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია.
სხვათა შორის, „მატარებელი“ ამ ბლოგთან იდეურად ახლოსაა (გალაკტიონმა ეს ლექსი ოლღას მიუძღვნა, რომელიც მეორედ გადაასახლეს). ერთ-ერთი სტროფის ბოლო ორ ტაეპს კი აქაც ვახსენებ, თუმცა ვწერ იმ იმედით აღსავსე, რომ მხოლოდ დროებით მომიწევს ამ სიტყვების გონებაში გადმოხვევა, როგორც კომპაქტ-კასეტის:


„გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები“

როცა ის აბიტურიენტი იყო და მასწავლებლებთან დადიოდა, მე მოცლილი ადამიანის ამპლუაში ვიყავი. ერთხელაც, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს, მე სად მივდიოდი, მასთან სახლში მივედი, ის კი უნარების მასწავლებელთან უნდა წასულიყო, უფრო ზუსტად რომ აღვწერო, რაკეტის მოძრაობის სიჩქარით უნდა გაფრენილიყო, ჩამკიდა ხელი და მარბენინა A წერტილიდან B წერტილამდე მგონი 10-15 წუთში. ელენთა ადგილზე მაქვს ჯერ, მადლობა ღმერთებს.
რაც მთავარია, არ დააგვიანა. მერე მე სად წავედი, მართლა ვერ ვიხსენებ.

სკოლიდან ქალაქში ფეხით მივდიოდი და მის სახლთან შევჩერდი. ვუძახე, ვუღრიალე, ვუკაკუნე და არცერთმა სულიერმა რომ არ შეიბერტყა ყური, წავედი. შუა გზაში ვიღაც დამეწია, კრიზისის და იყო. თურმე მეძახდა და მაგ ჯერზე მე ვერ გავიგონე მისი ძახილი.
სანამ მე ვეძახდი, კარტოფილს თლიდა.
ამის წერაზე ახლა გამახსენდა, სუპი რომ გააკეთა ბორშის გემოთი. დამშვიდობების დღეს კი მეუბნება, მე რომ საჭმელს კარგად ვერ ვამზადებ, იმის ბრალია, ფოთში რომ არ ვაკეთებდი არასდროს. ნამუსიც ასეთი უნდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი კულინარიული უნიჭობის მიზეზზე ვეთანხმები.

მახსოვს, დეკემბერი იყო, ბარბარობა. მასთან ვიყავი, მის საწოლში ვისხედით და ლობიანებს ვჭამდით, მისმა ოჯახმა რომ გამოაცხო, მე რომ ვკრუტუნებდი, ისეთი გემრიელი იყო. ვსაუბრობდით, ვიცინოდით, აქა-იქ რაღაცებზე მკიცხავდა, მაგრამ ლარად ვიყავით.
ჩვენს ბოლო შეხვედრაზეც რაღაც მსგავსი იყო — ბიცოლამისმა გემრიელობები დამიდო ცხვირწინ ყავასთან ერთად. ბაქლავას ერთი ნაჭერი კი ვშთანთქე, მაგრამ მეტის აღება მომერიდა. ისევ საწოლზე ვისხედით ჩვენ ორნი და ისევ ვსაუბრობდით. ბოლოს კექსის ერთი ნაჭერი ძალით ამაღებინა, რასაც მეორე ნაჭერიც მოყვა (მართლა გემრიელი იყო, თან მშიოდა). ამჯერად ბოლომდე ლაღად ვერ ვიყავით, ჩვენებურად განვიცდიდით ყოველ მოვლენას, რაც მის და ჩემს თავს ხდება. ბევრი რამის თქმა ვერ მოვასწარი, თუ რამე ვთქვი, ეგეც ძალიან ლაკონიურად, მაგრამ ვიცი, მიმიხვდებოდა ყველაფერს თქმითაც და უთქმელადაც. მეც ვგრძნობ და ვიცი, თავს როგორ გრძნობს ახლა, მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი ბევრი დარჩა (მეც, ასევე)

2019 წელი იყო, 27 თებერვალი, ანუ ცემი დაბადების დღე. რატომღაც ძილი დავირღვიე და სკოლაში წავედი.
მახსოვს, მაშინ ბერეტები მიზიდავდა და მეც მინდოდა მქონოდა. სწორედ კრიზისის დამ მაჩუქა ის ნაცრისფერი ბერეტი, რომელსაც ყველგან ვატარებდი, სადაც შემეძლო.
სკოლის მერე ეზოში დამხვდა. წვიმდა და რუხ პეიზაჟში ყვავილების თაიგული ციმციმებდა, ჩემთვის რომ ჰქონდა ნაყიდი. ერთად წავედით მასთან სახლში, ვისაუბრეთ, ფოტოების გადაღება დავაძალე და მერე უკან, ისევ სახლში წავედი ფეხით. წვიმდა, ვილუმპებოდი, მაგრამ ბედნიერებისგან ვბრწყინავდი.

კრიზისის და ეროვნულ გამოცდებს რომ აბარებდა, თამამად ვიტყვი, ცოტა არაადეკვატური ქცევებით გამოირჩეოდა მაშინ. აღარ მახსოვს, რომელი საგნის, მაგრამ მგონი, ქართულის გამოცდის შედეგ მივაკითხე და ფუშფუშა კაბაში გამოწყობილი დამხვდა. თურმე ზუსტად ასე გამოცდაზეც იყო. რომ არ დაგიმალოთ, კოგნიტიური დისონანსი დამეწყო მაგის ჩაცმულობაზე.

როგორც ბლოგის ზედა ნაწილში ვახსენე, კრიზისის დების ცხოვრებაში არსებობდა ველოსიპედი, სახელად ჟანგუნა, რომელიც მოიპარეს და დღემდე, მის გახსენებაზე ვსევდიანდებით.
საღამო იყო, ჩემთვის ველოსიპედის ტარების სწავლება გადავწყვიტეთ და ჟანგუნა გვერდით ამომიდგა. რაღაც გამოვიდა, მერე უცხოს მანქანას მივებერტყე, მერე კიდევ გამოვიდა, ბოლოს გავთამამდი და ტრასაზე გასვლა მოვინდომე. აი, მაშინ დამატყდა ცუდი დღე, სოფოს გაბრაზება რომ დავინახე და აღშფოთებით რომ მკითხა, გავგიჟდი თუ არა, მანქანებით სავსე გზაზე რომ გავედი.
ეგ იყო პირველი და უკანასკნელი ნავარდობა ჩემი და ჟანგუნასი.

2020 წელს, ჩემს დაბადების დღეზე, რამდენიმე წიგნი მაჩუქა, ყველა წარწერით და ცოტა კი მერიდება, ახლა ამას რომ ვამბობ, მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიე მაგ წიგნებამდე. სამაგიეროდ, ისეთი საჩუქარი გამოდგა, რომ გაოცებული ვუყურებდი დიდ ხანს და თვალებში შევციცინებდი.

ახლა კიდევ ის დღე მახსენდება, წინა წელს, ზუსტად ოქტომბერში რომ მოხდა (უცნაური დამთხვევაა, მაშინ მე გადმოვდიოდი თბილისში, ახლა მან დატოვა საქართველო). დეტალების მოყოლას არ დავიწყებ. ძალიან წარუმატებელი მცდელობა მქონდა თბილისში გადმოსვლაზე, რომელშიც კრიზისის დაც ჩავრთე და ვისგანაც ბოლოს კარგადაც მომხვდა, თუმცა ვიტყვი, რომ მართალი იყო და დავიმსახურე.
წინა წელის 1 ოქტომბერს ისე ციოდა თბილისში, ქურთუკები ეცვა ხალხს, ახლა კი ჯერაც ზაფხულის ტემპერატურით გვანებივრებს სამყარო (ოღონდ რისთვის?).

თუ არ ვცდები, 2020 წელს, კრიზისის დის კატა, ნესი'კო ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა (აქვე, დღემდე ძალიან შტერი კატაა). ძალიან კარგად მახსოვს, როგორ უმძიმდა მას ნესისთან განშორება და ისიც მახსოვს, პირველად რომ ნესი ჩემს კატად მოვნათლე, როგორი წყენით მომწერა, რომ ასე ნუ მოვიხსენიებდი, ჯერ მაინც.
მახსოვს, წვიმდა და დედაჩემი საიდანღაც ბრუნდებოდა. ფუნთუშები მოიტანა და ვიფიქრე, გავატან-მეთქი. საქმე ის იყო, რომ უცნაურად მომინდა ფუნთუშის განაწილება — ორი ცალი თაბახის ფურცელი ავიღე და დავასტეპლერე, შიგნით უნდა ჩამედო ფუნთუშა.
ამის გახსენებისა და წერის დროსაც ვფიქრობ, რატომ არ გამახსენდა უბრალო პარკი...

ყოველთვის, როცა ადამიანისთვის საჩუქრის გაკეთება მინდა, ირიბად და სასხვათაშორისოდ ვუსვამ მიზნობრივ კითხვებს. არც კრიზისის და ყოფილა ჩემთვის გამონაკლისი.
მახსოვს, ერთხელ ერთი წიგნი უნდოდა ძალიან, რომელსაც მე არ ვწყალობ დღემდე. სკოლის მერე მისკენ ავიღე გეზი და არც თუ ისეთ სასიამოვნო ვითარებაში გავყავი თავი — ვიღაცას ასაფლავებდნენ და გზა გადაიკეტა უსასრულო ხალხით. მე ვიდექი, ცოტა მორცხვად, მომერიდა იმ გარდაცვლილი ადამიანის წინაშე, მას რომ ასაფლავებდნენ და მე ფერად-ბრჭყვიალა საჩუქრით სადღაც მივდიოდი.
ერთადერთი, რაც ახლა მახსენდება, ჩვენ შორის დიდი განსხვავება იყო მუსიკალურ გემოვნებაში და დღემდე ვერ ვხვდები, კორეელებს რატომ უსმენდა სოფო, მაგრამ ისე იყო თუ ასე, ერთხელ კონცერტზე(?) წასვლა უნდოდა და მისი გამგზავრების ამბავი მე ავიღე ჩემს თავზე. დღემდე და მკაფიოდ მახსოვს, როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა ბილეთი გავუწვდინე.

არის მომენტები, როცა პუნქტუალობით არ გამოვირჩევი და ასე დამემართა ჩემი კრიზისის დის დაბადების დღეზე — პომპეზური საჩუქარი დაგვიანებით ვაჩუქე. ერთმა კინკილა ადამიანმა მოვერიე ბუშტებს, ტორტს, საჩუქარს და ამ წამსაც გაკვირვებული სახით ვიხსენებ მაგ დღეს, მე ხომ ძალიან ხელტრაკა და მოუხერხებელი ადამიანი ვარ...

არ ვიცი, წლების განმავლობაში მომხდარი ყველა მოვლენის აღწერა მინდა, მეც რომ ყველაფერი ასე დაწვრილებით მახსოვს თან...
მისი ოჯახიც არანაკლებად მიყვარს; ყველა რომ საქმიანი და მოფუსფუსეა, ყველა რომ სადღაც გაფანტულია და დღის მიწურულს ხვდებიან ერთმანეთს.
მამა გიორგი და ნონა დეიდა — ის ადამიანები არიან, რომლებმაც მცირე დროში შემაყვარეს თავები საკუთარი პიროვნული თვისებებით.
დამშვიდობებისას, მათთან ჩახუტებაც ისეთი მძიმე იყო, მეგონა, ჩემი გული ჩიტის იყო და არა — ადამიანის.

როცა კრიზისის და და მისი ოჯახი თბილისში გადავიდა და მე ჯერ კიდევ ფოთში ვიმყოფებოდი, რამდენჯერაც ფეხით მომიწევდა გზის გავლა, მის სახლთან ავლა-ჩავლა, იმდენჯერ ვსევდიანდებოდი ცარიელი სახლის დანახვაზე. ბევრჯერ გავჩერებულვარ ღობესთანაც, რომელთანაც ოდესღაც ვარდები იზრდებოდა.

ბლოგის მიწურულიც მოვიდა და ვფიქრობ, რა ცოტა ვთქვი და რამდენი დამრჩა მოსაყოლი, რამდენი განმიცდია თურმე და რამდენის განცდა მომიწევს კიდევ ამ ნოსტალგიასთან ერთად, რომელიც სულ ახლახან დაიწყო.

ერთი ის ვიცი დანამდვილებით, თუ მართლა ამნეზია არ დამემართა, ყოველი ამბავი ჩემთან დარჩება სამარადისოდ და რომც მოხდეს ისე, რომ კრიზისის დების გზები მართლა აიშალოს, სულ რომ არავინ გამაჩნდეს გვერდით მაშინ, ამ მოგონებებით შევძლებ საკუთარი გონების მოთვინიერებას და იმის შეხსენებას, რომ ასეთი ადამიანი მყავს (არ მინდა „მყავდას“ დაწერა), ვისთვისაც რაღაცას წარმოვადგენდი და პირიქით.

საკმაოდ რთულია იმის გაანალიზება, რომ შენი ადამიანი მიდის და იმაზე მეტად იქნებით დაშორებულები, ვიდრე აქამდე და არანაირი მოლოდინი რომ არ არსებობს, როდის შეხვდებით ერთმანეთს ისევ, ისე მხურვალედ და ოვაციებით...

ბოლო შეხვედრის წინა ღამეს მივხვდი, რომ ტყუილად არ დაგვირქმევია ერთმანეთისთვის კრიზისის დები და რომ ღატაკი წლების გასვლის და თითქოს უკეთესი პერიოდის დადგომის მიუხედავად, ახლაც ამ წოდებით ვაგრძელებთ ცხოვრებას ერთმანეთისთვის.

ბოლო წამებში ვერ ვთქვი ეს სიტყვა, მომერიდა თითქოს ამის გაზიარება, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ კრიზისის და იმაზე მეტად მიყვარს და იმაზე მეტად მივიჩნევ ჩემს ადამიანად, ვიდრე აქამდე ვთვლიდი.

მის ბოლო ზარზე ვთქვი, ჩიტი ბუდიდან გამიფრინდა-მეთქი, მაგრამ ვცდებოდი.
ახლა კი მართლა გამიფრინდა...