გაზრდილი ემბრიონი — 4 თვის შემდეგ
ყველაფერს და ყველას აქვს ვადა (ასე იტყოდა ჩემი „რატომ ჰეიდენი“).
სანამ მზე ეპატრონება ჩვენს მხარეს, მანამდე მოფართხალე თევზი ვარ და ყოველგვარ „უსურვილობაში“ ვცურავ. ამიტომაც, ერთი თვით უნებური პაუზა გამომივიდა და ფელიქსთან ჯდომა, მასთან ირიბად საუბარი კლავიატურაზე კაკუნით გვერდზე გადავდე.
აგვისტოს შუა რიცხვებში ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩავედი (სულ ორი დღით) და ჩემი პაწაწუნაზე პაწაწუნა ოჯახი მოვინახულე. როგორც კი მატარებელში ჩავჯექი და დასავლეთისკენ ავიღეთ გეზი, ცქმუტაობის დონე უფრო და უფრო იზრდებოდა; როცა თითქმის მივუახლოვდით ფოთის სადგურს, ფანჯარას მივეკარი და დაჟინებით გავყურებდი კუნაპეტ სიბნელეს იმ იმედით, რომ რამეს გავარჩევდი.
მატარებლიდან გადმოვდგი თუ არა ფეხი, მივხვდი, ფოთთან ერთად სინესტის სამფლობელოსაც ვესტუმრე (შენიშვნა: ფოთის სინესტესთან ცხოვრება ჩემმა ნაცნობმა შეადარა ინჰალატორს).
არც ავტობუსში ვმჯდარვარ მშვიდად — ორივე მხარეს ვატრიალე თავი (კიდევ დიდხანს რომ მემგზავრა, ალბათ, თავის 360 გრადუსით მობრუნებასაც ვისწავლიდი) და გაუცხოებული ვუყურებდი პატარა ქალაქს, რომელიც სულ რაღაც 4 თვის წინ დავტოვე ან მივატოვე — მასში თითქოს რაღაც შეცვლილი ელემენტები დამხვდა. თუმცა არც ფოთისთვის აღმოჩნდა ჩემი მოულოდნელი დანახვა მარტივად გადასახარში — ფოთის მსგავსად მისი შვილიც შეიცვალა — და ასე, ორი შეცვლილი ობიექტი ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით და ფიქრთა კორიანტელი დაგვატყდა თავს (რატომ? რისთვის? როგორ? საიდან? იქნებ?...).
ჩვენ ვიდექით წყლით გარშემორტყმულ სივრცეში, ვირწეოდით და ერთმანეთს შევცქეროდით ხან ინტერესით, ხან — უნდობლად.
მორიგი და ისევ მოულოდნელი შეხვედრა დედაჩემთან იყო. მას საერთოდ რამდენიმე წამით მოჩვენება ვეგონე.
სასიხარულო ამბავი ისიცაა, რომ ჩემი კატებისთვის კბენას გადავეჩვიე (რა გასაკვირია, რომ ადამიანის დამსგავსების ეტაპს გავდივარ) და განსაკუთრებით ჩემი აგათა ისე ძალიანაც აღარ მერიდებოდა. სამაგიეროდ, ხუთივე არა'კატა უსასრულო კოცნით ავავსე, რომელიც კიდევ რამდენიმე თვე უნდა ეყოთ, სანამ მორიგი შეხვედრა გვექნება.
ბოლო 5 წელი, რაც აგათა მყავს, ჩვევად მექცა, სახლიდან წასვლის ან სახლში დაბრუნების დროს, მას ვეძებ, ვემშვიდობები ან ვესალმები; ვატყობინებ, რომ მისი აბეზარა პატრონი მასთანაა ან დროებით შორდება. ხოლო კატის გამოჭერა არასდროსაა მარტივი, თუ მას არ სძინავს, ამიტომ, წასვლისას დიდ ხანს ვეძებ და ზოგჯერ უშედეგოდ.
რატომ აგათა?
ტრაგიკული ამბის, კატის დაკარგვის შემდეგ, სცენაზე უმწეო ნაცრისფერი გორგალი გამოჩნდა, რომელიც უცაბედად ჩემს ძველ ჩანთაში აღმოჩნდა და პურის თეთრ გულზე უარი განმიცხადა. მაშინ ბებიაჩემი ადამიანის ამპლუაში იყო და კატეგორიული უარი მითხრა (აქვე, ფაქტი ჩემზე: არასდროს ვკითხულობდი წინასწარ, შეიძლებოდა თუ არა კატის მოყვანა, რადგანაც ამ წამამდეც მიმაჩნია, რომ, როცა ადამიანს სულ მცირედის გაღების საშუალება აქვს და ეს იცის, უნდა დაეხმაროს სხვა სულიერს, და ამ შემთხვევაში, მიწას გადაარჩინოს). უკვე მიხვდებოდით, რომ უარის მიუხედავად, აგათა სიკვდილს გადავარჩინე და მისი აბეზარა მშობელი გავხდი.
მახსოვს, იმ პერიოდში გატაცებული ვიყავი აგათა კრისტის შემოქმედებით და თითქმის ყოველდღე ვკითხულობდი მის რომანებს. სწორედ ამიტომ დავარქვი ნაცრისფერ გორგალს აგათა და არც შევმცდარვარ. როგორც იტყვიან, ზედგამოჭრილი სახელია.
ჩემი აგათა საკმარისზე მეტად ცივი, უკარება და თავიფასიაა. დიდხანს მისი მზერის ატანა სხვას გაუჭირდება, მაგრამ არა — მე.
ზოგჯერ მეც რიგითი კატა ვხვდები და ჩემს კატებთან ერთად დავრბივარ მთელ სახლში იქით-აქეთ; თუ ისინი ერთმანეთს ლოკავენ მზრუნველობისა და სიყვარულის ნიშნად, როცა კატად ვარ გადაქცეული, ვეფერები; როცა ისინი ერთმანეთს გამეტებით ეჩხუბებიან, უღრენენ და ა.შ., მეც იმავეს ვშვრები.
მიუხედავად ჩემი მინუსიანი თვალებისა, წლებია შევამჩნიე, რომ ცხოველები საკუთარ პატრონებს ემსგავსებიან. დიახ, ორივეს — ვიზუალსა და ხასიათს — ვგულისხმობ და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ასეა. აგათა მე მგავს, ვისკი — დედაჩემს (მან მოიყვანა ვისკი ჩვენს სახლში), სტელაც კი თავის პატრონს ჰგავს.
ისევ ფოთის ამბავი
ზაფხული ხომ ოფიციალურად და არაოფიციალურად დასვენების პერიოდია და ყველა სადღაც მიდი-მოდის, ზოგი ადგილი უფრო ჭრელია, ზოგი — ნაკლებად, მაგრამ ერთი რამ უცვლელია — მატარებელი დეფიციტშია!
ზემო მიზეზის გამო ფოთს თითქმის ორშაბათს ვეწვიე და დედასთან ფუსფუსი სრულად ვერ მოვახერხე, რადგან დროის აცდენა გვქონდა. ერთხელაც, ვსხედვართ ჩახუთულ სამზარეულოში, უკვე ნელ-ნელა დაისი იპარებოდა ჩვენ უკან და დარწმუნებული ვარ, ორივენი გულში ვფიქრობდით, როგორი შემაწუხებელი იყო ზოგჯერ ზაფხულის სიცხე, თუმცა დიალოგში ეს აზრები არ მოხვდა.
ვისხედით შორიახლოს და ვსაუბრობდით, დაისი დგებოდა წუთი-წუთზე და დედამ, შეიცვალე, ელიო. მერე კი გამახსენდა, რომ მისი სიტყვები ჩემი (უკვე ამ) ბლოგის სათაურთან იდეურად ახლოს კი არა, იგივე იყო.
მსგავსი სიტყვების მოსმენა ორნაირ გრძნობას იწვევს ხოლმე: ერთი მხრივ, შენი გონება იღებს, ხარშავს, იაზრებს და თანხმდება ამ მოცემულობას, რადგან თავადაც იცის, რომ ნამდვილად ეგრეა. მეორე მხრივ, მიუხედავად პირველი მდგომარეობისა, მაინც უჩვეულოდ გრძნობ თავს და შენი ჭურჭლიდან გასვლა გინდება თითქოს, რომ დააკვირდე თავს, მართლა შეიცვალე თუ არა, იქნებ, ის სხვა ცდება და არცერთი დეტალი შეცვლილა შენში, შენზე...
მიჯაჭვული ვიჯექი სკამზე და ვიხსენებდი, როგორი ვიყავი, როცა ფოთი დავტოვე ან მივატოვე, როგორი ვიყავი უფრო მანამდე, როგორი გავხდი ოთხი თვის შემდეგ და როგორი ვიყავი იმ წამს. ვიჯექი და წარსულის ათობით დეტალი და მოგონება ერთმანეთს ენაცვლებოდა. თითქოს ცარიელ კინოთეატრში ვიჯექი მხოლოდ მე, დარბაზის შუაში და ვიღაც ძალიან შორეული მანძილიდან, პულტით ხელში იდგა და ჩემს კუთვნილ გონებაში დაუკითხავად იქექებოდა, ეძებდა საჭირო ფრაგმენტებს და მიჩვენებდა, გონებას მიღიტინებდა.
რაღა მექნა, ცრუ ბრალდება არ ყოფილა და დედასაც დავუქნიე თავი. ნამდვილად შეიცვალა მისგან უკვე ცალკე და დამოუკიდებლად მდგომი ემბრიონი.
ადამიანის სტრუქტურა მარტივად ცვალებადია. თითოეულ ჩვენგანს ზოგჯერ ერთი მოვლენაც გვყოფნის, რომ ჩვენში რაღაც გარდაიქმნას, და თუ ერთი არა, მაშინ, რამდენიც არ უნდა იყოს და რამდენჯერაც არ უნდა უარვყოთ ცვლილება, იერსახის შეცვლა ჩვენგან დამოუკიდებლად მაინც მოხდება. აქ არ იგულისხმება რაიმე თვალშისაცემი ცვლილება, ეს შეიძლება უმცირესი დეტალი იყოს, მაგრამ ყველაზე მთავარი მხოლოდ ისაა, რამდენად შეგვიძლია ვიყოთ გულწრფელები და ვაღიარებდეთ ხოლმე რაღაცებს. ხანდახან ყველაზე იოლია, ადგე და თქვა ყველაფერი ის, რასაც ფიქრობ რამეზე ან ვინმეზე და არ გეშინოდეს იმის, რომ ამის გამო შეიძლება ვინმემ აგითვალწუნოს (როგორც პუარო იტყოდა, დაე, ეგეთი ადამიანები ეშმაკმაც დალახვროს).
ახლა, ამის წერისას, ჩემი სკოლის დროინდელი ამბავი გამახსენდა: მე-10 კლასში ვიყავი, როცა მე-11 კლასელი ბიჭის გაცნობა მინდოდა (სხვათა შორის, სასიყვარულო ემოციები არ იყო), რადგან რომ ვუყურებდი, მასში საინტერესო პიროვნებას ვხედავდი. სწორედ ამან მიბიძგა მისთვის წერილის დაწერისკენ და ასეც მოვიქეცი. სკოლის ერთ ჩვეულებრივ დღეს, გამბედაობა მოვიკრიბე და შესვენების დროს მის კლასში შევედი, ყველა მზერა მოვიგერიე; დარწმუნებული ვარ, მის კლასელებს ეგონათ, რომ მას გრძნობები გავუმხილე, თუმცა ფურცელზე ის მეწერა, რომ თუ მასაც ჰქონდა მეგობრობის სურვილი, მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდებოდა. მაგ ადამიანის აღარც სახელი მახსოვს და აღარც — გვარი.
მაგ ამბის შემდეგ უფრო პირდაპირი და გულწრფელი ადამიანი გავხდი. უკვე წერილების გარეშეც შემიძლია ადამიანებისთვის იმის თქმა, თუ რას ვფიქრობ, ვგრძნობ და ა.შ.
რა თქმა უნდა, ბოლომდე უშიშარიც არ ვარ; მეც მეშინია რაღაცების, მეც მერიდება ხშირად და ენაც მებნევა, უხერხულ სიტუაციებშიც ვვარდები, რადგან მეც რიგითი და უბრალო ადამიანი ვარ და გარდაუვალია ყოველივე ზემოჩამოთვლილი ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ, სამაგიეროდ, ვისწავლე და გავიაზრე, რომ არცერთი არ „ტეხავს“ და ყველაფერი ნორმალურია. თუ გვინდა, რომ თავი უკეთ ვიგრძნოთ და ამისათვის გვჭირდება ჩვენი „მედან“ ნაპერწკლების გაშვება, ხმა უნდა ამოვიღოთ, თითოეული ბარიერი შორეულ პლანზე დავტოვოთ, გზა მარტოებმა გავიაროთ და საკუთარ თავებს თავისუფლების, სილაღისა და გულწრფელობის შეგრძნება ვაჩუქოთ.
გადახვევა
ზოგადად, ბლოგის წერა იმიტომ დავიწყე, რომ ის ტიპაჟი ვარ, სხვას რომ უნდა გაუზიაროს ამბები, ხმამაღლა და მასშტაბურად რომ უნდა საუბრობდეს ყველაფერზე და არასდროს, არაფრის ერიდებოდეს.
როცა ბლოგის წერას ვიწყებ, ვჯდები ფელიქსთან და უბრალოდ გონების კარნახს ვუსმენ, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ვხვდები, რომ ავირიე და აღარ ვიცი, რომელი ერთი აზრი დავწერო. საბოლოოდ, ბლოგის გამოქვეყნების მერე მახსენდება „გახსენებული და წამში დავიწყებული სათქმელი“.
ჩემი ბლოგი თავისი არსებით არასტანდარტულია და როგორც ტყეში დაკარგული ადამიანი ათას ბილიკს გაუყვება, სადღაც შეუხვევს-გამოუხვევს და გააღწევს ტყიდან, დაახლოებით ეგრე შეიძლება აღვწერო ozeraellie. და, საერთოდ, ჩემში მცხოვრები ელია ასეთი და ბლოგიც მას ჰგავს.
მე არ ვწერ ფილოსოფიურ ან მაღალფარდოვან ტექსტებს და მარტივ, უბრალო, ყოველდღიურ ენას ვიყენებ, — ასე უფრო კომფორტულია და ხელოვნურად არ ვიქმნი მღელვარების მიზეზს — „იქნებ, ვინმემ ვერ გაიგო, რა ვიგულისხმე, არ იცის ტერმინი?“
გადმოხვევა (სანამ მახსოვს)
ჩემს ქუჩაზე „მეყვავილე ხალხი“ იჯდა წინა თვეს. როცა სახლისკენ მიმავალ ან ჩამავალ გზაზე ვიყავი, მზესუმზირებს, გვირილებს, ვარდებს, გიფსოფილებს და სხვა ყვავილებს მოვკრავდი თვალს, რომლებიც კოპწიად იყო ჩაწყობილი ქოთნებში და ქუჩას ფერადოვნებას მატებდა.
აგვისტოს თვიდან ქოთნები დაცარიელდა, ხოლო ჩრდილქვეშ განთავსებული სავარძელი, სადაც გამყიდველი იჯდა, უპატრონოს დაემსგავსა.
ყოველთვის, როცა მაგ მონაკვეთამდე მივალ, მცირე იმედი თან დამყვება და მგონია, რომ აი, ახლა, ისევ დამხვდება მეყვავილე და ყვავილები, მაგრამ ამაოდ. გამოჩნდებიან?...
ამასობაში, „გაზაფხული შემოსულა, ლენ“ შეიცვალა, როგორც — „შემოდგომა შემოსულა, ელი“.
დიდიხნით არ გემშვიდობებით; შემოდგომა რაკიღა მოვიდა, მალე აცივდება და ზამთრის გოგონას დროც დადგება.