გონების ვაკუუმი ფოთლებს მიღმა
„და დინამიტით დახოცილ თევზებს ჰგავდნენ ფოთლები სიჩუმის წრეში“ — შემოდგომა 1-ელ სექტემბერს არ დაგვდგომია თავს, არამედ უფრო ადრე, აგვისტოს ზენიტში, თუმცა ზოგს არ დაუნახავს, ზოგმა თვალი აარიდა, ზოგმა კი შევამჩნიეთ, როგორ ფეხაკრეფით, მელასავით მოიწეოდა შემოდგომის ბუმი და ლოდინის რეჟიმი ავტომატურად ჩავრთეთ.
გვარიანად დაბერებული, მოფრიალე ფოთლები აგვისტოს შუა რიცხვებში დავიჭირე და გარინდებული ვუმზერდი, როგორ წყდებოდა ნაირნაირ ხეებს ასევე ნაირნაირი ფოთლები და შრიალით ეფინებოდა ჯერ კიდევ გახურებულ მიწას.
ყოველ ჩამოცვენილ ფოთოლზე რაღაც მახსენდებოდა და მართალია, დროის მანქანა არ გვაქვს, მაგრამ გონების ვაკუუმი — ხომ?!
ალბათ, ბევრს გვინახავს ვაკუუმის პარკები, რომლებშიც ტანსაცმელს ან რამე სხვას ინახავენ, მერე ჰაერს გატუმბავენ და დაჭყლეტილ პარკებს კარადებში აწყობენ იქამდე, სანამ მათში შენახული ნივთები ისევ არ დასჭირდებათ. ადამიანის გონებაც იდენტურია და მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ, ძირითად შემთხვევაში, შესრუტული მოგონებების გადათვალიერება ყოველთვის შეგვიძლია და ერთხელ თუ „დავავაკუუმეთ“, სამუდამოდ ვაკუუმში რჩება.
ამიტომ, ელის რიგით მე-7 ბლოგში ელის მოგონებებთან პირისპირ აღმოჩნდებით.
კონკია
როგორია საქვეყნოდ ცნობილი კონკია? — წინსაფრით, დალაქავებული კაბითა და უბრალო.
2019 წელს, როცა მუშაობა დავიწყე, კონკიად მოვნათლე თავი. 16 წლის ვიყავი და ცხოვრებაში მომხდარი აურზაურისგან გაქცევა ვცადე — დავფიქრდი, რისი კეთება შემეძლო მაშინ, რა გამომდიოდა, მომწონდა, შემეძლო. თავიდან ჩემი ქალაქის ჯგუფში დავპოსტე, რომ სამსახურს ვეძებდი, რომელიც წერასთან იქნებოდა კავშირში. მერე მივხვდი, რომ აზრს მოკლებული იყო ასეთი რამ ჩემს ქალაქში და ისევ ფიქრი განვაგრძე. მორიგი პოსტით ადამიანებს ვთავაზობდი სახლების დალაგებას.
იმავე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველად წავედი ერთჯერად სამუშაოზე და პირველად ავიღე ჩემი შრომით გამომუშავებული 10 ლარი, დამატებით კი, დამსაქმებელმა 5 ლარიც მაჩუქა. ის ათი ლარი ტრაგიკულად დაღუპული ჩემი კლასელის საფლავის ქვისთვის დავდე და მივხვდი, ტყუილად არ გადამიდგამს ასეთი დიდი ნაბიჯი, რომ მუშაობა დავიწყე.
ფოთი პატარა ქალაქია — რეალობა თუ მითი?
თუ რეალობად დავაკვალიფიცირებთ, მაშინ, ამ მოცემულობას მე დავამსხვრევ ჩემი პინგვინური ორიენტაციისა და მიგნების უნარის წყალობით; დაახლოებით, 1 საათამდე ვეძებდი იმ დამსაქმებლის სახლს — ვიარე ნამიან ბალახებში, ხეებში, სხვადასხვა ქუჩაზე შევუხვიე-მოვუხვიე და სანამ აწ უკვე ჩემი საყვარელი კონდიტერი თავად არ გამოვიდა გზაზე, იქამდე ვერ მივაგენი და ვერც მივაგნებდი კიდევ რამდენიმე საათს.
როცა ყველაფერი დავასრულე, თამუნამ უგემრიელესი ობამა (მთლიანად შოკოლადის და უუუ-გემრიელესი) შემომთავაზა და არ ვიცი, როგორ, მაგრამ რაც იყო, ყველაფერი ვშთანთქე. რომ არა სახლში მყოფი ადამიანები, ალბათ, თეფშსაც გადავლოკავდი. გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ იმ დღის შემდეგ ძალიან მიყვარს ეგ ნამცხვარი.
ამასობაში, თამუნასთან კიდევ ბევრჯერ მიმუშავია და 1-2-ჯერ ტორტის კეთებაშიც დავხმარებივარ (შენიშვნა: ელემენტარულ რაღაცებში, კონდიტერობა ჩემი სფერო არაა). 3 წლის განმავლობაში მისმა შვილებმაც შემიყვარეს და ყოველ ჯერზე მკითხულობდნენ, ტერეზა როდის მოვაო.
კონკიობის მეორე მხარე
იმ წლიდან აქტიურად და სისტემატურად დავიწყე მუშაობა. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე საათს ვმუშაობდი, ზოგჯერ — დილის 7-იდან გვიან საღამომდე; ზოგჯერ ძალიან ხალისიანად, ზოგჯერ — ცრემლებით — და მახსოვს, ერთხელ, როცა უზარმაზარ ფართში მარტოდმარტო დავრჩი და ყველა ძალა შემომეფლითა, ტირილი დავიწყე; ვწმენდდი იატაკს ჭუჭყისგან და ჩემი ცრემლებისგან.
ის ფართი რომ დავალაგე და სახლში მივედი, ბებიამ ხელისგულები დამიმუშავა და ბინტით გადამიხვია. 1 კვირა დაბინტული ხელისგულებით დავდიოდი, მაგრამ ბედნიერი.
როცა ახალბედა ადამიანი ხარ დასაქმების სფეროში, ათობით თვალის წყვილი გიყურებს და შენს გაბურღვას ცდილობს. რჩევები, კრიტიკის ქარცეცხლი, კბენა, დამცირება — მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რა მივიღე იმ საზოგადოებისგან, რომელსაც საკუთარ შრომას ვთავაზობდი.
მე და თამუნა ვისხედით, ჩემი წასვლის დრო ახლოვდებოდა და ვსაუბრობდით. მაშინ ის პირველი გარე ადამიანი იყო, რომელმაც მხარი დამიჭირა და მიბიძგა.
ზუსტად მახსოვს, სევდაშეპარული ხმა მქონდა და ვუყვებოდი, როგორი არასასიამოვნო იყო ვითომ საზოგადოებისგან (და უფრო მეტად ბრბოსგან) იმის მოსმენა, რომ საწყალი ვინმე ვიყავი.
„16 წლის ასაკში უფრო მეტი ამბიცია უნდა გქონდეს, ვიდრე დამლაგებლობაა“, — ვიღაც უცხომ მითხრა და ამდაგვარი რეპლიკა კიდევ არაერთი მომისმენია.
რომ არ დაგიმალოთ, მაშინ ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს, თვითშეფასება დამეცა, სადღაც დამალვა მინდოდა და არა იმის დანახვა და მოსმენა, ეს ის გოგო არააო. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ბევრი რამ გავიაზრე და მივხვდი, რომ ზუსტადაც რომ ძალიან სწორ გზაზე ვიყავი ცხოვრებაში და უფრო თავაწეული უნდა გამეგრძელებინა სიარული.
ის მართლა მიხარია, რომ გასული წლების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სიძნელეს რომ გავძელი, გავუმკლავდები და არ დავეცი.
ჩემს კონკიობას ისიც ახასიათებდა, რომ ხანდახან თავს შარში ვყოფდი, მაგრამ ბოლოს სიცილისგან ვკვდებოდი. ასე, მაგალითად, 2020 წლის იანვარში უცხო ადამიანმა მომწერა, რომ ბინა იყო დასალაგებელი და შემდეგ დღეს მეც წავედი სამუშაოდ. გზაში კი ყველანაირ ილეთს ვიხსენებდი, რაც კი ცხოვრების განმავლობაში დამინახავს ან მისწავლია. საქმე ის იყო, რომ დამსაქმებელი კაცი იყო. სანამ მივედი, კბილების სიბასრეც მოვსინჯე, ხომ ნამდვილად მქონდა ის კბილები, რომლებითაც ვამაყობდი.
მივედი, მოვილაპარაკეთ, ანაზღაურება და გასაღები დამიტოვა და სახლიდან აორთქლდა, როგორც ჩეშირის კატა. ორი წუთი იმაზე ვფიქრობდი, რომ საკმაოდ გაბედული ვინმე შემხვდა, რომ ასე მარტივად მენდო, დანარჩენი დრო ვიცინოდი საკუთარ თავზე და იქით-აქეთ დავრბოდი, რომ ყველაფერი მომესწრო.
რიგით მეორეჯერ ვმუშაობდი და იატაკის ჯოხი შემომატყდა. სახეზე ისეთი ალმური მედო, მეზობლებიც კი იგრძნობდნენ. თამუნასთანაც გამიხვია თავი ხათაბალაში: კინაღამ მიქსერი მოვკალი! დამივარდა და ძალიან შემეშინდა თქმა, მაგრამ მიხვდა, რომ საქმეში ჩემი უკუღმართობა ერია. კიდევ მახსოვს ის მომენტი, თითქმის შუაგულ ტყეში ვარ და აბაზანაში ისე გავსრიალდი, ჩემი თავი რომ მაინც ავფხიკე, ახლაც მიკვირს.
სხვათა შორის, მუშაობას რომ თავი დავანებოთ, ზოგადად ძალიან მოუხერხებელი და ხელტრაკა ადამიანი ვარ; ყველაფრის გატეხვ~ა ან გაფუჭება შემიძლია უნებურად.
ნებისმიერ ადამიანს გირჩევთ, რომ ზოგჯერ მოექცეთ უყურო ადამიანის ამპლუაში და რეალობას, სამართლიანობას აცდენილი სიტყვები, რომლებიც თქვენკენაა მოშვერილი, აუსხლტეთ და ის გზა განაგრძოთ, რომელიც გინდათ.
ფორსმაჟორი
მოსწავლეც ვიყავი ოდესღაც და ამ პერიოდში ბევრზე ბევრი მოგონება მომეპოვება, მაგრამ ამჯერად ფორსმაჟორულ სიტუაციებს გავიხსენებ, რომლებიც ამ ბოლო დროს გონებაში ამომიტივტივდა.
ჩემი ძმა პირველ კლასში მიდიოდა, მე — მეათეში, ორივე ერთ სკოლაში მოგვაქცია დედამ.
სკოლის პირველი დღე რომ გადატვირთულია, არამშობელმა ადამიანებმაც იციან. სწორედ მაგის მსხვერპლნი აღმოვჩნდით ჩვენ, სამი მუშკეტერი. უკვე სასოწარკვეთილები ვეგდეთ მე და ჩემი ძმა იქვე, კორპუსის ეზოში, როცა დედამ დაგვიძახა და პოლიციის მანქანაში შეგვყარა. გვაგვიანდებოდა (მატლის (ძმის) გამო უფრო) და პოლიციელებმა არც მეტი, არც ნაკლები, სასიგნალო მოწყობილობა ჩართეს და სკოლის ეზოში სირენით შევვარდით...
ჰიმნის შეწყვეტა და ჩვენ დანახვაზე ყველას გარინდება ცალკე ჩაბჟირების მოტივი აღმოჩნდა ჩემთვის.
ისევ პოლიცია...
გასულ წელს, აცრის გასაკეთებლად სამსახურის უფროსობას თავი გამოვითავისუფლე და წავედით მე და დედა ზუგდიდში. მისვლით კი მივედით კლინიკაში 2 საათით ადრე და სადღაც იმავე ტერიტორიაზე ორი მაწანწალა ძაღლივით იქით-აქეთ დავეხეტებოდით და ჩემთვის ვფიქრობდი შემდეგ თემაზე — „დედასთან მგზავრობის უსიამოვნებანი“ (შეგიძლიათ დააწკაპოთ და ფოტოსაც ნახავთ).
თურმე ყველაფერი წინ გველოდა.
აცრის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ფოთში დასაბრუნებელი სამარშრუტო ტაქსი აღარ ჭაჭანებდა ქუჩაში და ჩავსხედით თბილისაზე.
მივქრით და რატომღაც და როგორღაც სამარშრუტოს მინა დედაბუდიანად ჩამოვხსენი. დედაჩემმა კი ავისმომასწავებლად გადმომხედა და რა მექნა? მხრები ავიჩეჩე.
სადღაც ჩამოვედით და მეორე სამარშრუტოს დავუწყეთ ლოდინი. ამასობაში, მივხვდი, რომ აღარ ჩამოივლიდა არაფერი, ვთქვი, როგორც კი პოლიციის მანქანას დავინახავთ, ვაჩერებთ და ვთხოვთ წაყვანას-მეთქი. ასეც მოვიქეცი'თ; მე მანქანა გავაჩერე, დედა გამოელაპარაკა მათ. სანამ უარს გვეტყოდნენ, სიცილი ამიტყდა შექმნილ სიტუაციაზე და რომ შემოგეხედათ, თამამად იტყოდით, ეს საღ ჭკუაზე არ არისო. ის პოლიციელებიც იმავეს გაიფიქრებდნენ, ამის მჯერა.
საბოლოოდ, უცხოებმა გაგვიჩერეს და სახლამდე აცრილები, უცხოპლანეტელებთან ჯერ არდაკავშირებულები და დაღლილები მივედით.
რამდენიმე თვის წინ, სემინარზე მიმავალი, სადგურის მოედნიდან შემთხვევით ჯერ ვარკეთილში ჩავედი, მერე რუსთაველზე ამოვედი, შემდეგ ტექნიკურზე აღმოვჩნდი. ვიბოდიალე, ვიხეტიალე ნახევარ ქალაქში და სემინარზე 1.5 საათის დაგვიანებით გამოვცხადდი.
ჯგუფელებისგან რომ დაიცალა აუდიტორია, ლექტორთან მივედი და სრული სერიოზულობით ვუთხარი, რომ ეპატიებინა დაგვიანება, რადგან... „გვიან გავდივარ მაგვიანდება, ადრე გავდივარ — მაინც მაგვიანდება“, — არა, ამ სიტყვებზე და ჩემს პირდაპირობა-გულწრფელობაზე ახლაც ვხარხარებ და მაშინაც ძლივს ვიკავებდი სიცილს.
ღრენა — კატური და ძაღლური
ცხოველები მიყვარს და განსაკუთრებით — არა'კატები, რომელთა გამოც შეიძლება ჭკუაც დავკარგო და მსხვერპლიც შევწირო. ლაკონიურად რომ ვთქვა: ცოტა მაკლია, რომ კატები გავაღმერთო.
ძაღლებიც მიყვარს და საერთოდ, ყველა, ფეხსახსრიანების გარდა. ცუგებმა ნება თუ დამრთეს, ულვაშებს ვუწიწკნი და ცხვირზე ვკოცნი. კატები ძაღლებზე უფრო მშიშარები არიან და 1 მეტრის დისტანცია თუ არ დაიჭირე მათთან, გარბიან, კისრისტეხით გარბიან და მეც მეტი რა დამრჩენია, მივდევ.
თუმცა ყველაფერი როდი ეგეთი მარტივია ადამიანის ცხოვრებაში. კატის ან ძაღლის დანახვისას, გული მეწურება, რომ მათი, ყველასი სახლში წაყვანა არ შემიძლია. სულ მაქსიმუმს ვცდილობ, რაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში შემიძლია, რათა ოდნავ მაინც იგრძნონ ამ ოთხფეხა არსებებმა, რომ ვიღაცებს მათი ბედი ედარდებათ და შორიდან თუ ახლოდან უყვართ.
წელი არ მახსოვს, არც სეზონი, მაგრამ ის მახსოვს, რომ შებინდებული იყო და მაღაზიაში მჭირდებოდა რაღაც. რიგში ვიდექი და იქვე გაშხლართული ძაღლი დავინახე. დავიწყე საუბარი, მოფერება, დავპირდი, რომ რამე ვუყიდდი და გემრიელად შეჭამდა, რა დროსაც ახტა, ყეფა დამიწყო და კბილებით ოდნავ გამკრა. მერე შეტრიალდა კუდის ქიცინით და ჩემი თვალთახედვის არეალიდან გაქრა.
დაახლოებით მსგავსი რამ რამდენიმე კვირის წინათაც შემემთხვევა: სახლისკენ მივდიოდი, როცა ფანჯრის გისოსებს მიღმა თავი მოვლანდე. დიახ, ფრანგული ბულდოგის თავი იყო და მივაშტერდი. ამანაც ყეფა რომ დამიწყო ნაგლად, მოვშორდი.
ხომ მიყეფენ და მიღრენენ ძაღლები, ზუსტად ეგრე მე ვექცევი კატებს, თუკი მაიგნორებენ ან ჩემგან შორს გარბიან. წლების წინ, კატებმა ძალიან რომ დამწყვიტეს გული, გაბრაზებულმა ფეხები დავაბაკუნე და მივაძახე, — „ჩემში ეშმაკს ხედავთ, თუ რატომ გამირბიხართ?!“
ხომ ასეთი მიტოვებული და უგულებელყოფილი ვარ ძირითადად, მაინც თითოეული არსება მიყვარს და მინდა, რომ ოდესმე მათაც გაუმართლოთ, აქ, ამქვეყნად თუ არა, იმქვეყნიურების ღრუბლებში ინავარდებენ მაინც.
ისევ ფოთლებთან დაბრუნება
შემოდგომის ფოთლებმა ბევრი ისტორია გამახსენა და გონების მეშვეობით სხვადასხვა დროს ვიმოგზაურე ნეირონების დამსახურებით.
რაც მეტი ფოთოლი სცვივა, მით მეტი რამ მაგონდება.
ფოთლები გახდა ჩემი ამ ბლოგის და გარეკანის ინსპირაცია და მხოლოდ ჩემთვის რომ არ მქონდეს ეს ფიქრი, ვიტყვი, რომ საკმაოდ მოხიბლული ვარ ამ იდეის განხორციელებით და მთელი ფიქრ-მოქმედების პროცესით.
ტრადიციულად: შემდეგი შეხვედრის თემა და თარიღი უცნობია არა მხოლოდ თქვენთვის, მკითხველებისთვის, არამედ ჩემთვისაც, როგორც ავტორისთვის.