July 17, 2023

2 წლის სტუდენტი

მარად თსუ
მარად თსუ

დიდი ხნით გავუჩინარდი, მეც ვიცი ეს... რა არის, იცით? – ჩემს ყავისფერ კარადაში შემთხვევით გადავვარდი და ვეღარ გამოვიკვლიე გზა, მაგრამ ახლა გამოვედი და ტკაცუნა თითებიც მოვიყვანე საწერად, არადა თავზე მაყრია საუნივერსიტეტო დავალებები და მასალები.

მანამ, სანამ პატარა ვიყავი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლის ამპლუაში, ყველაფერი სხვაგვარად წარმომედგინა და რომელიღაცა ფერის სათვალით ვუყურებდი იმ სამყაროს, რომლის ნაწილიც ჯერ არ ვიყავი, მაგრამ ის თავისთვის მელოდა, ყველასგან შეუმჩნევლად და მათ შორის – ჩემგანაც.
როცა პატარა ვიყავი და სკოლის ბოლო თვე იყო, დერეფნებში მორბენალ და გაზრდილ ჭუკებს ვხედავდი, უკვე აჭრელებულ პერანგებში, რომელთა სითეთრეც სადღაც წავიდა და აღარასდროს დაბრუნებულა. ყველა მხიარულობდა და მაშინ არც მიფიქრია, რომ რამდენიმე თვეში ეგ ლხენა რაღაც სხვა, გაურკვეველ სუბიექტ-ობიექტად იქცეოდა და უფრო მეტად რუტინულ სახეს მიიღებდა, რომლისგანაც ბედნიერება ნაკლებად ანათებდა.
როცა პატარა ვიყავი და შორიდან, მაგრამ პირველად შევეჩეხე სტუდენტების ცხოვრებას, მხოლოდ ის გავიფიქრე, რა მაგარი იყო ახალ ქალაქში გადასვლა, ცხოვრების ახალი თავის დაწყება, უნივერსიტეტში ბორიალი, კურსელებთან კისკისი და იქით-აქეთ ჟრიამულიანი წანწალი.
რატომ მეგონა ასე? იქნებ, წლების წინ მართლაც ასე იყო?

და ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 2021 წლის სექტემბერი ომახიანად მომესალმა, ხელი ჩამომართვა და სავარძელში ჩაესვენა, – და რომელიც ყოველ თვე სახელებს იცვლის თვეების მიხედვით და პერიოდულად მეჯუჯღუნება.
სტუდენტის სტატუსი რომ მომენიჭა, ჩემს ოთახში ვიჯექი და ვმუშაობდი. ჯერ ჩემი კლასელის ჩარიცხვა შევამოწმე და რომ არაფერი ეწერა, ცივმა ოფლმა დამასხა – როგორ ვუთხრა, რომ ვერსად ჩაირიცხა-მეთქი. ორ წუთში კიდევ შევამოწმე და გამოჩნდა, მაშინ ამოვისუნთქე და ჩემს პორტალზე შევედი. არ მოვიტყუები, არაფერი გამხარებია — თსუ, ქართული ფილოლოგია გახდა ჩემი პირადი დამსჯელი ჯალათი. მიუხედავად ყველაფრისა, ეს მიმართულებაც მინდოდა, მაგრამ განვიხილავდი მეორეულ პროფესიად, ფსიქოლოგიის შემდეგ, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და ახლა აღარც მიკვირს, ელის ცხოვრება ნებისმიერ განზომილებაში მაინც ყირამალაა და მისი შინაგანი რიტმიც ასეთივეა,

მერე ისევ მუშაობას მივუბრუნდი. პირველ ლექციასაც და მომდევნოებსაც სამსახურიდან დავესწარი. ისეთი  არაფერი იყო: ზუმი, სურათიანი და უსურათო სტუდენტები და ლექტორი. ზუმში რომ შევიდოდი, ისევ საქმეებს ვუბრუნდებოდი და მერე მახსენდებოდა, როცა პლატფორმის შეტყობინება ამოხტებოდა ეკრანზე, მორჩაო.
ისევ არ მოვიტყუები და მაშინ ძალიან მინდოდა აუდიტორიული სწავლება დაწყებულიყო და სულ იმედით ველოდებოდი, იმნაძეები და გამყრელიძეები ნებას რომ დართავდნენ უნივერსიტეტებს, მაგრამ ამაოდ.

ზუმის ეპოქა, სავარაუდოდ, ყველა სტუდენტი დამეთანხმება, მოიკოჭლებდა – იშვიათად იყო გამართული ლექციის/სემინარის პროცესი, მუდმივად შეზღუდული დრო, ჭედვა, მიკროფონის ან კამერის სულის უეცარი განტევება, ჩაძინება (მაგრამ ეს უკანასკნელი მთლად ზუმის ბრალიც არაა) და სხვა მრავალი ხარვეზი, რომელთა ერთობლიობაც ყველას გვიქმნიდა გარკვეულ პრობლემებს და იწირავდა ნერვულ სისტემას.

მე კი სხვანაირ, ჩემებურ გამოცდილებას გაგიზიარებთ, თუ როგორია უყურო (სმენადაქვეითებული) ადამიანის სტუდენტობა იმ პირობებში, რომლებიც არც ღმერთებს უქნიათ და არც – ეშმაკს, ანუ მისთვის არარელევანტურ პირობებში.

სწავლის დაწყების პირველივე წუთებიდან ერთ-ერთ კურსელს ვთხოვე, ლექტორის მნიშვნელოვანი სიტყვები მაინც გაეზიარებინა ჩემთვის, რომ მთლად „გადავარდნილი“ არ ვყოფილიყავი. მოგვიანებით სიტუაციას დავაკვირდი და მაშინ მივხვდი, სტუდენტებიც და ვერმოსმენაც უნდა დამეკიდებინა და ჩემთვის, წყნარად წამეკითხა მასალა.
ზუმში ყოფნა იშვიათად მსიამოვნებდა, უფრო მეტად ფორმალურად ვესწრებოდი, ვიდრე დიდი რუდუნებით. ყველაზე მეტად ორი შემთხვევა მახსოვს: ერთია ლინგვისტიკის პრეზენტაცია, რომელშიც მაქსიმალური ქულა მივიღე და რამაც ჩემი წივილ-კივილი გამოიწვია, ოღონდ მიკროფონი გათიშული არ მქონდა — ეს იმ წამს გავიგე, როცა პირი დავმუწე და ეკრანს მივაშტერდი... მეორე შემთხვევა რუსული ენის ლექციას ეხება. როცა ვირტუალურ სამყაროში იწყენ, ისევ ვირტუალური სამყარო გთავაზობს გახალისების საშუალებებს – ამიტომ, ზუმის ფუნქციებით გავერთე და 2 საათის განმავლობაში მაფიოზივით ვიჯექი – ცხვირზე დაკოსებული სათვალით (სიგარა და ვისკის ჭიქა მაკლდა მხოლოდ).
ზუმის აქტიური არსებობის მანძილზე არასდროს მიგრძნია თავი კომფორტულად და ვერც ვიგრძნობდი, თუ ობიექტურად შევაფასებთ მოცემულობას: როცა ადამიანთა საუბარს ვერ აღიქვამ, ვერ ერთვები პოლემიკაში, ვერ იქცევი ისე, როგორც სხვა სტუდენტები და ერთგვარ ცარიელ ოთახში ხარ, სადაც შენთვის არაფერი გეგულება და ბედის წამიერ ამონათებას ელოდები.
მიუხედავად ასეთი გამოწვევებისა და დემოტივაციისა, არასდროს დამიკარგავს სურვილი, რომ რამე ახალი მესწავლა, თუნდაც ყოველგვარი გარე ჩარევების გარეშე.

პირველი კურსის პირველი სემესტრი მარტივად ჩავაბულბულე – პირიქით რომ ყოფილიყო, უფრო გამიკვირდებოდა. არც გამოცდებზე ვღელავდი, როგორც ახლა, არც დაგვიანებაზე და სრულ იდილიაში ვიყავი ლეპტოპთან, რა მენაღვლებოდა?!...
ერთ-ერთი საგნის ფინალური გამოცდა ყველაზე მკაფიოდ ჩამრჩა გონებაში — დილიდან დაწყებული წერა საღამოს 6 თუ 7 საათზე დავასრულე, ე.ი 2 საათით დაგვიანებით, ვიდრე ლექტორმა განგვისაზღვრა. ამ ამბავში განსაცვიფრებელი ისაა, რომ უკვე იმავე საღამოს ქულები პორტალზე იყო დასკუპებული. არაჩვეულებრივი ლექტორის არაჩვეულებრივი საგანიც ასე დავხურე და, სხვათა შორის, სწორედ მისი წყალობით, ინტერესი გამიჩნდა ფოლკლორისტიკის საგნებისადმი და აგერ უკვე მე-3 სემესტრია მიყოლებით იმ საგნებს ვსწავლობ, რომლებშიც, წესით, საერთოდ არ უნდა ჩამეყო ცხვირი.

ბოლო ორი წელია პუნქტუალური ადამიანიდან საპირისპიროდ გადავიქეცი – ვაგვიანებ ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში. ონლაინ სწავლების პერიოდში ჩემს ნაწერებს დილის 5-ზე ვუგზავნიდი ლექტორებს და თან დასტა ბოდიშებს ვაყოლებდი ზედ. მაგრამ, როგორც რამდენიმე თვის წინ ვთქვი, სტუდენტი ლათ. სიტყვაა და ნიშნავს დედლაინამდე 1 დღით/რამდენიმე საათით ადრე საქმის შესრულებას. ასე იყო თუ ისე, მოწესრიგებული ადამიანი ალქაჯ ყირალამად ვიქეცი და დღემდე ვცდილობ, საკუთარი თავი ნამუსზე ავაგდო.

შემდეგი ეტაპი – გაცილებით რთული და მშფოთვარე

და დადგა გასული გაზაფხული, მფრქვეველი ჭადრების ლაყბობის დრო.

2 მაისს უნივერსიტეტი გველოდა. აპრილი იყო, როცა ნერვებმა სკალას საზღვრებს გადააბიჯა და იფეთქა. როგორც კი ჩაირთო ფიქრის რეჟიმი, აღარ გამორთულა – დღემდე ვფიქრობ, რა და როგორ უნდა გავაკეთო, რომელ ბილიკს გავყვე, სად შევუხვიო.

აპრილის დასაწყისში საცხოვრებლის ძებნა დავიწყე, რომელიც მაშინაც და მერეც ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი პროცედურაა, რომლის გავლაც ადამიანს უწევს ცხოვრებაში. ბევრიც ვეძებე, ბევრსაც მივწერე, ბევრიც ვიკითხე და იქამდე იყო ჩემი მცდელობები ამაო, სანამ ერთ კარგ ადამიანს არ გადავეყარე, რომელმაც დამეხმარა და ხიდი დამიგო – ზღვისპირეთიდან თბილისამდე.

ჩამოვედი ჩახუთულ აღმოსავლეთში, სულ რაღაც 1 ჩემოდნით, რომელიც მოგვიანებით გამრავლდა და მთელ სახლში მიმოფანტა უწვრილმანესი ნივთები. ჩამოსვლის დღეს, პირველი და ახალი სახლის მიმავალ გზაზე დავიკარგე – რამდენიმე ჩიხი მიყურებდა და თითოეული თავისკენ მექაჩებოდა, – ჩემკენ წამოდიო. მეც ხან იქით წავიდოდი, ხან – აქეთ, სანამ ქვაფენილზე დავენარცხე და ასლუკუნება დავიწყე. ბედად, გამვლელმა დამინახა და სახლამდე მიმაცილა; თუ კიდევ აიხლართები სადმე, დამიკავშირდიო. რა თქმა უნდა, კიდევ დაკარგვას არ ვაპირებდი, ამიტომ, შემდეგ დღეებში უხილავი წითელი ძაფის გორგლით ვიარე და გზა მოვინიშნე.

ჩემს პირველ საცხოვრებელში 2 თვე გავატარე, სადაც ბევრი განსაცდელი შემხვდა (მაგ.: „წყალდიდობა“ და ნოეს უკიდობნობა). მერე ფრიად საინტერესო ადგილას გადავედი – ყველა სტუდენტისთვის ნაცნობ კეკელიძეზე. ის ბინა იყო რაღაც სხვა, შეუცნობელი და დიადი, რომელსაც იმდენად ვუფრთხილდებოდი და ველოლიავებოდი, რომ ზუსტი მისამართის გამხელა ვერც საკუთარ დედასთან გავბედე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველა ზღაპარს აქვს თავისი დასასრული, ზოგს ბედნიერი, ზოგს – სევდიანი, უკვე 2,5 თვე გავიდა, რაც კეკელიძიდან ავიბარგე და ცის სხვა კამარაზე შევდგი ფეხი. არც ესაა ცუდი, ერთი აივანი არ აქვს და უკვე შევეჩვიე კიდეც. სხვა თუ არაფერი, სიმწვანეში ჩაფლული ვარ და მწვანე ადამიანს მეტი რაღა სჭირდება?!

საცხოვრებლის შეცვლა სტუდენტისთვის არც ისე იოლი საქმეა. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი – პირველ რიგში, ფასი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არაპროგნოზირებადია და ხშირად (ყოველთვის თუ არა) ირმის ნახტომსაც სჯობს სიდიდეში. მეორე რიგში, პირობები, რომლებიც ჯანმრთელობას კითხვის ქვეშ არ დააყენებს. ამ ორის კომბინაციით სასურველი ბინის პოვნა, პირდაპირ რომ ვთქვა, ნერვების გამძლეობის დასადგენად არაჩვეულებრივი გამოცდაა.

თუ საცხოვრებლის ცვლილება გიწევთ მაშინ, როცა გამოცდები გაქვთ, თანაც – ფინალურები, ჯინის ან ოქროს თევზის გამოჩენის მოლოდინი არ გქონდეთ. თუ ძალიან მოინდომებთ, მთელ სახლს 2 საათშიც დაკეცავთ და გააწკრიალებთ კიდეც. მთავარია, რამე ნივთი არ დაგრჩეთ ან უარი თქვათ წამოღებაზე იმ მოტივით, რომ ადგილი აღარ გაქვთ (მერე ინანებთ, მართლა)!

ეშმაკის საუფლო, ანუ მაღლივი

რადგან თსუ-ში ვსწავლობ, ისტორია, გამოცდილება და მაგალითები მას შეეხება. სხვა უნი-ების კედლების ჩურჩული ჩემთვის უცნობია.

თსუელებმა და მთელმა დუნიამ ვიცით, რომ გამოცდები ათას ერთ კიბიან მაღლივში გვიტარდება და ზოგჯერ ლიფტიც არასანდოა (თუ ჯგუფელს დავუჯერებ, ბღუის ის ყუთი). მაღლივამდე მისასვლელი გზა კი ოღრო-ჩოღროა – ნახევარი ქალაქი უნდა გაიარო, მეტროს ორივე ხაზზე ირბინო, ფეხით აიარო აღმართები და ბოლოს, უნივერსიტეტის ქუჩის 4 ნომერსაც დაინახავ. მნიშვნელოვანია, დრო არ გაგეპაროს, არ აგერიოს, რათა მერე თავსატეხად არ იქცეს, თუ როგორ გადაიტანო გამოცდა. შეიძლება მოკვდე კიდეც, მაგრამ თუ ვერ დაასაბუთებ, აი, დარდი – „ვერ გადაგიტანთ“!

იქამდე, სანამ ფურცლებს და ბილეთს მიიღებ, უმარტივესად შეძლებ მთელი კონსპექტის ჩაკითხვას, კალმის აწკარუნებას და ერთი ადგილის ვერმოძებნას.
ბილეთს რომ დახედავ, ან ამოისუნთქებ, ან შეიკურთხები, ანდაც ყველაფერი გადაღეჭილი გაქვს და სანერვიულოც არაფერია. თითებს გადააჯვარედინებ და იწყებ წერას, იღლები, ხელს ატკაცუნებ და იმაზე გეფიქრება, ჯერ მხოლოდ 1 საკითხი რომ დაწერე, არადა უკვე სახლში გინდა გაგორდე.
ჩააბარებ და ქულის ატვირთვამდე წამების დათვლას დაიწყებ; ეს უკვე რეფლექსია.

უცნაური არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უნივერსიტეტი არ არის მორგებული შშმ პირებზე. ასე, მაგალითად, წინა წელს, როცა პირველად შევხვდი მაღლივურ გამოცდებს, დაბნეული ვიყავი, რადგან წესები არ ვიცოდი, თუ როგორ უნდა შემევსო ფურცლები. ერთხელაც ვიკითხე და დამკვირვებელმა აღშფოთებით დაიწყო ლაპარაკი, რომ ზუსტად ახლა ხსნიდა წესებს და მომესმინა; ღიმილით „ვუსმენდი“ და ბოლოს ვთქვი, რომ არ მესმის ხმა. შედეგად, მისგან არასასურველი ჩახუტება მივიღე, რომელიც არ ვიცი, რისთვის მჭირდებოდა.
ბევრად უკეთესი იქნება, თუ საგამოცდო ცენტრი შეიმუშავებს ინკლუზიურ გარემოს და დაეხმარება შშმ პირებს გზის გაკვალვაში. და ეს ეხება თვით დედა უნივერსიტეტსაც – აუცილებელი და მნიშვნელოვანია არსებობდეს საჭიროებებზე მორგებული სივრცე, მხარდაჭერა შშმ პირების მიმართ.

ჭრაჭუნა იატაკი და აუდიტორიული სწავლება

ფილოლოგებისთვის ჩვეული ამბავია 1-ელსა და მე-5 კორპუსებს შორის მარათონის გამართვა. და ეს მოსაწყენი რამ არ გეგონოთ – ადრენალინის ჰორმონი მწვერვალს სწვდება და გული მეტეორივით დაქრის. ჭავჭავაძეზე მორბენალი სტუდენტი, მე თუ ვინმე მკითხავს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებშია შესატანი.

პირველი კორპუსი თავისებურად ლამაზი და მზისფერი შენობაა, რომელიც ზოგ ადამიანს თავს აწონებს თავისი ჭრაჭუნა პარკეტის იატაკებით. ზოგჯერ, როცა მინდა, რომ ჩუმად გავიარო დერეფნებში, ფიზიკურად შეუძლებელია... ჭრაჭ-ჭრუჭ!
არანაკლებ მომაჯადოებელია მარმარილოს ფოიე, რომელიც ზამთრის პირას ნაძვის ხით იმოსება და ბრჭყვიალებს. იქვე შეგვიძლია ჩვენი გულწრფელი სურვილებიც დავტოვოთ – ვინ იცის, იქნებ, უნდა ასრულდეს კიდეც...

საწყის ეტაპზე, როცა მაგვიანდებოდა სემინარზე, აუდიტორიაში შესვლა მერიდებოდა და იქვე, დერეფანში ბომჟივით ჩამოვჯდებოდი მანამ, სანამ კარი არ გაიღებოდა. ცოტა მოგვიანებით გავთამამდი და თუ მაგვიანდება, კარს ლაღად და ფართოდ ვაღებ, ოღონდ ბოდიშსაც ვაყოლებ – მთლად წყალწაღებულიც არ ვარ და სინდისი ადგილზე მაქვს.

გავამხელ და – ლექციებზე არ დავდივარ, სემინარებზე – ზოგჯერ, როცა ჩასაბარებელია მასალა. სხვა დროს რეფერატებს ვწერ, პრეზენტაციებს ვაწყობ, ესეებს ვწერ და თაგვივით სარბენ ბილიკზე დავრბივარ, სულ ერთ წრეზე.
ჩემი ყოფნა სემინარზე თან საამაყოა (ამ დროს ლექტორი რწმუნდება, რომ ცოცხალი ვარ), თან მოსაწყენი. თუ თვალებს არ ვაცეცებ, ე.ი ვაბარებ, თუ არ ვყვები, ე.ი – თვალებს ვაცეცებ. მოკლედ, ძალიან მარტივი პროცესია, მაგრამ ისევ და ისევ, ბევრად ნაყოფიერი სწავლება იქნებოდა, რომ შემეძლოს მაქსიმალურად ჩართვა სასემინარო პერიოდში და სხვაზე არ ვიყო დამოკიდებული.

ზოგი სემინარის მადლით, გავიცანი რამდენიმე კარგი ადამიანი და სიცილის თერაპიებით დავასრულეთ „მომენტის შეხვედრები“ – სიცილი პირველყოვლისა, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

სტუდენტობის 2 წლის თავზე მივხვდი, რომ გვერდით კაშკაშა კურსელი მყავს, რომლის გამოც ღირდა ბრძოლა, ნერვიულობა, უნივერსიტეტში ჩაბარება და სწავლა. კურსელობა რომ მხოლოდ უნივერსიტეტის კედლებში არ იზრდება, მგონი, იოლი მისახვედრია და ჩვენც, თსუ-ს მიღმა დავნარნარებთ და ჩვენს კურსელობის წლებს სიამტკბილობაში ვატარებთ – ხან ღვინოს ვსვამთ პარკში, ხან ციგურებზე კისერს ვიტეხთ, ხანაც სახლში ვსხედვართ და ვჭორაობთ.

კვება და მუშაობა სწავლის პარალელურად – გამოწვევა

სახამებლად გადაქცეულ სტუდენტზე გსმენიათ რამე? თუ არა, არ იღელვოთ – სწორედ ახლა კითხულობთ ამ სტუდენტის ბლოგს. ფილიპ როთისა და ფრანც კაფკას მსგავსად, შეიძლება ოდესმე წიგნი დავწერო ამ თემაზე, თუ როგორ გაიღვიძა ერთხელ სტუდენტმა და აღმოაჩინა, რომ სახამებელია.

სტუდენტობის ჟამს კვების პრობლემა უმრავლესობას გვაქვს; ხშირად დროის და ფინანსების სიმცირის გამო, გვიწევს რამდენიმე სახის პროდუქტზე რუტინის აწყობა, ასევე, სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში – ლეგენდარული კარტოფილი, მაკარონი, კვერცხი, წიწიბურა.

მას შემდეგ, რაც თბილისში დავდგი ფეხი და ფესვები გავიდგი, გავიაზრე, რომ სამზარეულოში ტრიალი დიდად არ მხიბლავს, რადგან ის 1 საათიც კი ძვირფასია და შემიძლია განვითარებას დავუთმო. თუმცა, რა თქმა უნდა, მიწევს ჯამ-ჭურჭლის აჩხარუნება და საკუთარი თავის გამოკვება. ზაფხულობით ეს კულტურა უფრო დამთრგუნველია – გცხელა, გეზარება და არაფრის თავი გაქვს, მით უმეტეს გავარვარებული გაზქურის წარმოდგენაზე.

ზოგჯერ მენატრება და ვაფასებ იმ დროს, როცა მშობელი ზრუნავდა ამ საკითხზე. მაშინ, როდესაც დედაჩემთან წავიწუწუნებ, მახსენებს, რომ ჩემი არჩევანი იყო ყოველივე და შევუდგე კულინარიის 5 წუთს.
მიუხედავად დიდი დროის გასვლისა, ყოველ ჯერზე ვიხსენებ, როგორ იხარშება კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი ან სოსისი – ადუღებულ წყალში თუ პირდაპირ?!

უამრავი მითის და ზღაპრის გაცნობის შედეგად, დავრწმუნდი, რომ სწავლასთან ერთად მუშაობა რეალიზმის ჟანრია და არ ურევია სიმტკნარე. ხანდახან ძალა გეცლება, ყელში ამოგდის ყოველდღიური საქმეები და ვალდებულებები, დასვენება გინდა და გჭირდება, გინდა დროებით სადმე გაიქცე და ამოისუნთქო – ეს ნორმალური და ბუნებრივი სურვილებია.

პრაქტიკით შეძენილ გამოცდილებას სამოთხის ხილის გემო აქვს და არასდროს მინდება, რომ მორჩეს – მუდმივი მოძრაობა შენი თავისთვის, მომავლისთვის – ესაა ის დასაფასებელი ქცევა, რისი გაკეთებაც შეგიძლია „მესთვის“. წლების შემდეგ მოსავალს რომ დახედავ, მაშინ მიხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, როცა განვითარება, სწავლა, კარიერა დააყენე პრიორიტეტად. ამ დროს უკვე შეიძლება ბორა-ბორაზეც იყო, ჩამოფხატული შლაპით და კოქტეილს წრუპავდე!

ამასობაში, გონებიდან არ ამოვიგდოთ, რომ who dares, wins და უხილავი რქებით წინ და წინ ვიაროთ.