წიგნის ფესტივალი ჩვენი არსობისა
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის.
და აი. 2019 წელს ჩაიწერა ისტორია, რომელიც ჩემს პირად საცავში ინახება და მრავალსახაა სხვა ისტორიებს შორის. 4 წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ჩიტისგულა ბავშვი ვიყავი, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე შევიტყვე. ფესტივალის კარის გაღებამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, ჩემი სურვილები კი მთების მწვერვალებს გასცდენოდა და ბინდი გადამკვროდა თვალებზე – სხეული და სული აღმოსავლეთისკენ მიბიძგებდა და მალევე გადაწყდა, რომ უნდა გავმგზავრებულიყავი ზღვისპირეთიდან თბილისში, წიგნის ფესტივალზე.
წინასწარ უსწორმასწორო ასოებით გაწერილი წიგნების სია, ორი ხელი ტანსაცმელი და გულის ბაგაბუგი მიმქონდა თან – ხანმოკლე მოგზაურობისთვის საკმარისი იყო. გამგზავრებამდე მხოლოდ ერთი საკითხის მოგვარებაღა მრჩებოდა – რადგანაც დიდ და უცნობ ქალაქში მარტო ჩავდიოდი და თანაც, ყირამალა ადამიანი ვიყავი, სმენის დაზიანების მქონე, უნდა მეპოვა „მომენტის მეგობარი“, რომელიც ჩემი ყურები იქნებოდა და გამიწევდა მეგზურობას უცხო თავგადასავალში.
სწორედ ამ პოსტის დახმარებით ვიპოვე ვარსკვლავ-ადამიანი, რომელიც სადგურის მეტროდან ექსპო ჯორჯიის პავილიონებამდე და უკან მამოგზაურა.
ბევრი ადამიანი და უფრო ბევრი წიგნი – ისაა, რაც ფესტივალზე შებიჯებისას შემეფეთა და წამში დამაბნია; არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, სად გავსულიყავი – ინერციით ვდგამდი ნაბიჯებს და მერე გამახსენდა ჩემი სია, რომელმაც ცოტა გონზე მომიყვანა. ალბათ, სულ ნახევარი საათი დავყავი უშველებელ პავილიონში, ლაბირინთად დაჩეხილ სივრცეში, სადაც გზას გამომცემლობების აბრები მიკარნახებდა. ვიყიდე 11-ვე წიგნი და მაშინვე გამოვედი ფესტივალიდან.
ამჯერად ბევრი პარკი და სულ 11 წიგნი დამტრიალებდა თავს, მე კი ბედნიერებამ ჰაერში ამიტაცა და ლივლივი დავიწყე. მოგვიანებით გავიგე, რომ ფესტივალზე ბოდიალიც შემეძლო და საათობით ყოფნაც, მაგრამ რაკიღა მეგზური თან მახლდა, თავს მეტი უფლება არ მივეცი, რომ სხვისი დრო ჩემს გემოზე გამეფლანგა.
პირველი ფესტივალი ასე დასრულდა, თუკი არ ჩავთვლით, რომ სახლისკენ მიმავალ გზაზე დავიკარგე უსაშველოდ მძიმე წიგნებით და ყინვაში, მაგრამ საზეიმო განწყობა ვერც ამ ინციდენტმა გამიცამტვერა და კიდევ ერთი დეტალი შემოინახა მოგონებათა ყულაბაში – ფესტივალის სამაჯური!
მორიგი შეხვედრათა ციკლი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალთან
უკეთესი ან უარესი იქნება, თუ პანდემიის წლებს გადავახვევთ და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ფესტივალის ორგანიზატორებმა არც მაშინ უღალატეს 1998 წლიდან მოყოლებულ ტრადიციას და ფესტივალს ახალი სახე მისცეს – ყველაფერი „გაონლაინდა“ და მკითხველებიც უსაფრთხოდ ვიყავით ჩვენს სახლებში.
მეორე ისტორია 2021 წელს დაიწერა, როცა ფესტივალზე არა მკითხველის ფორმაში, არამედ – ერთ-ერთი გამომცემლობის წევრად გამოვჩნდი. ყველაფერი ჩემი დაჟინებული სურვილ-მიზნით დაიწყო, რომელიც „დიოგენესთან“ თანამშრომლობას მოიაზრებდა. და მართლაც, ჩემმა უხილავმა სიჯიუტემ მიზნამდე მიმიყვანა და გასული წლის 26 მაისს გამომცემლობის იასამნისფერ სტენდთან ვიდექი და გულმოდგინედ ვმუშაობდი – ვფუთავდი წიგნებს, ქვითრებს ვბეჭდავდი ტერმინალებზე, ვასტიკერებდი ფასებს, ალაგ-ალაგ მკითხველებს ვესაუბრებოდი და ჩემი ნაცნობ-ახლობლების მხარდაჭერას ვიჭერდი ათასობით დამთვალიერებელს შორის...
ყოველ ჯერზე, როცა ავტობუსით მივსრიალებ წერეთელზე და ექსპო ჯორჯიის ხვიარა ღობეს უკან მივიტოვებ, მახსენდება, როგორ გამოვვარდი სახლიდან და პირდაპირ ტაქსიში ჩავხტი, როგორ გავიკეთე საყურეები ძლივძლივობით და ბრმად, და როგორ მივდიოდი და არ ვიცოდი - სად. მანამდე ხომ სულ ერთხელ ვიყავი ნამყოფი პავილიონებში და ისიც, გადარბენით.
იმ დღეს პირველად ვიმუშავე ხალხით გადაჭედილ სივრცეში, პირველად შევეჭიდეთ მე და ჩემი უსმენო ყურები ნაირნაირ საუბარს, ინტუიციაც უფრო გავიმძაფრეთ და ყველაფერი გამოვიდა იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენს მოლოდინში იყო ჩასახული. ბედნიერების ენდორფინები დავაგროვე და სახლში მისულს, ეგრევე ჩამეძინა. კიდევ ორი დღე ვიმუშავე და ერთ-ერთი გამორჩეული სამუშაო გამოცდილება იყო ჩემთვის.
ამ ყველაფრის შემდეგ, როცა სიმწვანეში ჩაფლულ ექსპო ჯორჯიას ჩავუვლი, დაბნეული, აცქმუტებული და საყურეებიანი ტერეზა-ელი მახსენდება, რომ არ იცოდა, სად წასულიყო და როგორ გაუმკლავდებოდა ახალ გამოწვევას.
და მთავარი კითხვა – რისთვის და ვისთვისაა შექმნილი წიგნის ფესტივალი?
წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მოცულობითი, დინამიკური მოვლენაა, რომელიც არა მხოლოდ უთვალავ წიგნსა და გამომცემლობას აერთიანებს რამდენიმე დღის განმავლობაში, არამედ ფუნდამენტურ შინაარსს ატარებს. ეს რამდენიმე დღე ყველასია, ვისაც უყვარს წიგნები და კითხვა, ლიტერატურული საუბრები, ახალი ადამიანების აღმოჩენა, აზრების გაცვლა, პრეზენტაციების მოსმენა, და უბრალოდ – ერთი ამბიდან მეორეში მოგზაურობა, რომელსაც წიგნის ფესტივალი სთავაზობს ადამიანებს.
მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლობებისა და მკითხველების გზები სწორედ ფესტივალზე იკვეთება ყველაზე კაშკაშად, სადაც არ არსებობს საზღვრები და ლიმიტები – ფესტივალი ხალხისაა, რომელსაც მთელი წელი ელის და გეგმავს, სადაც შესაძლებლობები ჭეშმარიტ მატერიად იქცევა, და რომლის გამოცდილება ერთადერთი ეგზემპლარია და მუდმივად იცვლება – ყოველ ახალ ფესტივალთან ერთად.
თუ ბევრი წიგნის ყიდვა გვსურს და გვირჩევნია, ეს ერთ სივრცეში მოხდეს, თანაც – ფასდაკლებით, თვეების ლოდინში გატარებაც მარტივად ასატანია. ტირაჟამოწურული წიგნებსაც შეიძლება გადავწყდეთ; აი, იმ წიგნებს, დიდ ხანს რომ ვეძებდით და ვერსად ვპოულობდით, უცებ თაროებზე ლამაზად ჩაწიკწიკებულს რომ მოვკრავთ თვალს და წამის მეასედში ჩვენს კუთვნილებაში რომ გადადის.
ამ გამოცდილების მიღებას წიგნის ჩვეულებრივ მაღაზიებში ვერ შევძლებთ – მანდ ისეთივე დამუხტულები ვერ ვიქნებით და „ნადავლსაც“ სხვა გემო და ელფერი ექნება.
მაღაზიებში ვერც მკითხველთა საუბრის დაჭერას შევძლებთ – აი, ასე: შენთვის რომ დგახარ, ფურცლავ და ყური უნებურად სხვის სიტყვებს მოგირბენინებს და სადღაც, ფიქრების შორეულ კუნძულზე გადაგისვრის. წიგნის ფესტივალზე კი ამის საპირისპირო მოვლენებია – შეგიძლია იდგე, უსმინო და გადაწყვიტო, არჩევანი რომელ წიგნებზე შეაჩერო. იქვე, გამომცემლებსაც გამოელაპარაკები, რომლებიც კი არ დაგზარდებიან რჩევებს, პირიქით – უცხო, საინტერესო ამბებსაც გაგიზიარებენ ლიტერატურულ სამყაროზე.
და ჩვენი მნათობი მწერლები და მთარგმნელები? მათი წვლილი უდიადესია!
წარმოიდგინეთ, წიგნები არ ითარგმნება და არ იწერება... ეს ფრაზაც კი გვიხორკლავს კანს და გონებაში ამ სცენარის დახატვაც აღარ გვჭირდება – ერთხმად ვთანხმდებით, რომ საგამომცემლო ინდუსტრიის ეს ორი რგოლი უმნიშვნელოვანესია და მათ გარეშე საქმე ფუჭი იქნება.
ფესტივალზე ასობით მთარგმნელის და მწერლის ნახვის შესაძლებლობა იბადება და სულაც არ გვჭირდება ბედის იღბალზე ფიქრი, – „იქნებ, სადმე გადავეყარო ჩემს საყვარელ მწერალს...“
და სხვათა შორის, ფესტივალი მხოლოდ წიგნების სამეფო როდია?! წვრილმანი ნივთები თვალთახედვის არეალიდან არ უნდა გავუშვათ – ჩანთები, მაისურები, ბლოკნოტები, სანიშნეები, სუვენირები – ყველაფერს ვიპოვით, რაც კი შეიძლება გონებაში აგვიკიაფდეს და ჩვენს გემოვნებასაც შევუსაბამებთ და სახლშიც დახუნძლულები დავბრუნდებით.
მე კი მგონია, რომ წიგნის ფესტივალი რეალობაში არსებული მაგიური სამყაროა, რომელიც ბევრ რამეს გვასწავლის მცირე დროში, ადამიანებს გვაცნობს სხვა კუთხით, რა გზა გამოიარა წიგნებმა და მათში არსებულმა თითოეულმა აზრმა. გვასწავლის ურთიერთობებს და სიახლეების მიღებას, რაც ხშირად გვაკლია რუტინულ ყოფაში.
როგორც ბოლო წაკითხულ წიგნში აღმოვაჩინე და რასაც მილან კუნდერა გვეუბნება– „პირველი რეპეტიცია ცხოვრებისთვის თვით ცხოვრებაა“, – ყოველთვის უნდა გამოვცადოთ ჩვენთვის უცხო რაღაცები და აღმოვაჩინოთ დაფარული ემოციები.
წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ის ღონისძიებაა, რომელიც გვაბედნიერებს და გვეხმარება, და რომელიც სულ უნდა იარსებოს სიახლეების მაძიებელი ადამიანთათვის.
Georgian Publishers and Booksellers Association/საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
Tbilisi International Book Festival/თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი