June 27, 2022

ხიდი — წარსულისა და აწმყოს მორფემებად დაშლა

ხიდი — წარსულისა და აწმყოს მორფემებად დაშლა

ისტორიების, ფიქრებისა თუ განცდების საჯაროდ გაზიარება კარგი საშუალება აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად მაინც გავთავისუფლდე უხილავი გისოსებისგან. ამას ისიც ადასტურებს, რომ უკვე მესამედ ვჯდები საწერად და დინებას მივყვები.
წინა ორ ბლოგთან შედარებით ეს მეტად სენსიტიური გამოვა, რადგან აქ ვისაუბრებ უშუალოდ იმ ფიქრებზე, რომლებიც დღენიადაგ მიტრიალებს. აქვე დავძენ: იქიდან გამომდინარე, რომ ლაქლაქა პიროვნება ვარ, ძალიან ცოტა რამ მოიძებნება, რაზეც შეიძლება ერთი ასო-ბგერაც კი არ აღმომხდეს (ძალიან პირადულზე პირადული უნდა იყოს). სხვა მხრივ, ვსაუბრობ იმაზე და იმდენს, რამდენიც მჭირდება.

ბლოგის იდეას მონოლოგებსა თუ დიალოგებში ვპოულობ. ამჯერადაც ასე მოხდა: შაბათს, გამთენიისას ჩემს ერთ-ერთ უკარგესს ნაცნობს ვწერდი და რაღაცებზე ვსაუბრობდი. აი, მაშინ ჩვენს დიალოგზე ჩავფიქრდი და რატომაც არა-მეთქი?... დავიჭირე ის პეპელა, რომელსაც მომავალი იდეის გატაცება უნდოდა და კუთვნილი აბსტრაქტულობა დავიბრუნე.

როდის ან საიდან იწყება ყველაფერი — ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი თან მაქვს, თან - არა. მაგრამ დაახლოებით მახსოვს ყველა ფრაგმენტი და ხიდის აშენების საწყისი წერტილი.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩემს უბრალო გოგონობას ბულინგის მსხვერპლის სტატუსიც მიეკრა. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბაღის პერიოდიდან განვითარდა; შემდეგ უბანში გადაინაცვლა, მერე — სკოლაში და ა.შ. იზრდებოდა ტკივილები, ტირილის სიხშირე და ცრემლების რაოდენობა. მაშინ ძალიან უსუსური ვიყავი, ბევრ ვერაფერს ვხვდებოდი და ვერც ვიბრძოდი ჩემი თავისთვის, სიმშვიდისთვის.

როგორი გულსაკლავია, როცა შენს სახელსა და გვარზე დაგცინიან, გიგონებენ უამრავ დამამცირებელ „ზედმეტსახელს“ და მთელ უბანში გაჰკივიან მერე... შენ კი დუმხარ, ერთ ადგილზე დგახარ და ირწევი სევდის, სიმძიმისა და წყენის გამო. დღემდე მახსოვს ის ორი სახელი, რომლებიც კორპუსის ეზოში მომაძახეს თანატოლებმა...
ერთხელ, სკოლის დღე იყო (კლასი არ მახსოვს, მგონი, 1-2) და დერეფანში გავედი, რომ მასწავლებელს რვეულების წამოღებაში დავხმარებოდი. ხომ ამდენი წელი გავიდა, მაგრამ სრული სცენა მახსოვს: ჩემმა კლასელმა ფეხი გამოსწია და მეტლახზე დავეცი მთელი ძალით, რვეულები კი მიმოიფანტა.
„ჰალსტუკიანი“ — ახლა მეცინება ჩემი გვარის ამ ინტერპრეტაციაზე, თუმცა ბავშვობაში სხვაგვარად ვუდგებოდი (ეს სახელი სწორედ იმ კლასელის მოფიქრებულია).

სახელების გარდა მამცირებდნენ იმაზეც, რომ ქართველი არ ვარ; ასე, 11-12 წლამდე ქართულს კარგად არ ვფლობდი, მიჭირდა ხმამაღლა კითხვა და ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი. დაახლოებით მესამე კლასში ვიყავი, როცა ჩემმა კლასელმა თავის დაბადების დღეზე დამპატიჟა. ჩემ გარდა კიდევ ორი კლასელი იყო. ბავშვები ცალკე ოთახში ვიყავით, რა დროსაც იმ ორიდან ერთ-ერთმა თვალი მოკრა რაღაც გაზეთს და მიდი, წაიკითხეო. ჰო, ენა დამებნა და გამართულად ვერ წავიკითხე, რაზეც ჩაეცინა და შენ ისევ ვერ კითხულობო.

ჯამში 4 სკოლაში ვსწავლობდი და აშკარაა, რომ საკუთარი ადგილი ვერსად ვიპოვე. ყველა სკოლაში მომეძებნება ბნელი მოგონებები, ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: მერვე კლასში ვიყავი, როცა კლასელმა ბიჭმა ჩემზე იძალადა. ისიც მახსოვს, ვითომ ბოდიში რომ მომიხადა, მაგრამ არაფერში მჭირდებოდა.

ყველაზე რთული გადასაგორებელი პერიოდი მაშინ დაიწყო, როდესაც ჩემი სმენა რეგრესისკენ მიმავალ გზას დაადგა. ხშირად მეტირებოდა, ვლანძღავდი ჩემს თავს და ყველაფრის სურვილი მიქრებოდა. მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, როგორია 11 წლის ასაკში სრულიად უეცრად ასეთი დაბრკოლების წინაშე აღმოჩენა...
თინეიჯერობისას საკმაოდ მერყევი ვიყავი და სიცოცხლე აღარ მსურდა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ტვირთი დამაწვა ნაადრევად, და დიახ, 2-ჯერ მიცდია თვითმკვლელობა. ჩემი სხეულის ნაწილები ახლაც მახსენებს იმ ქმედებებს, რასაც წლების წინ ჩავდიოდი და რასაც აღარასდროს ვიზამ.

წინა ზაფხულს, როცა სამსახურიდან სახლში მოვდიოდი ხოლმე, ხიდზე გადასვლა მიწევდა და ყოველ ჯერზე მოაჯირთან ვჩერდებოდი და შორს მცურავ რიონს გავყურებდი. ერთხელაც თვალწინ დამიდგა ჩემი გათეთრებული თავი, რომლის კანიც აქერცლილი იყო უკვე და სასწრაფოდ განვაგრძე გზა შინისკენ. საკუთარი ცხედრის წარმოდგენის ეტაპზე რომ მივედი, მივხვდი, ცუდად ვიყავი შინაგანად და შველა მჭირდებოდა.
ისე, რომ არ დაგიმალოთ, ძალიან ხშირად ვხუმრობ სიკვდილზე (მაგ.: თოკისა და საპნის საჭიროებაზე).
ბლოგის დასაწყისში ჩემი ნაცნობი ვახსენე და აი, რატომ: ბოლო ერთი თვეა ძალიან გადატვირთული ვარ (გამოცდები, სამუშაო, პირადი საქმეები) და თავი ფენიქსი მგონია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჯერ კიდევ ფერფლის სახით ვარ და როდის დავიბადები/აღვდგები ხელახლა, არ ვიცი. ნაცნობთან ხუმრობით აკლდამაში ყოფნა ვახსენე და შეშფოთდა (აქ ჯერ არ მინდა იმის დაწერა, თუ რა უძღოდა წინ აკლდამას და ნაცნობის შეშფოთებას. შეიძლება გარკვეული პერიოდის მერე დავარედაქტირო ბლოგი და ის რაღაცაც ვახსენო, მანამდე კი არ მინდა ხალხი დავაფეთო). საქმე ისაა, რომ ვამპირული ბუნებით გამოვირჩევი — მზე არ მიყვარს და, შესაბამისად, არც სიცხე და რუჯი (2020 წელს ჩემი ოთახის ფანჯრებსა და კარზე რომ ავაკარი ნაჭრები, რათა მზე არ მენახა, მხოლოდ და მხოლოდ, 2021-ში მოვხსენი), სულ ვერიდები დღისით სადმე გასვლას. ამასთანავე, კბილებიც მიკაწკაწებს ხოლმე და კბენა „უძალიანესად“ მიყვარს. ამიტომ, ახლა, როცა შუა ზაფხულია და ნელ-ნელა სიცხის დონე უფრო და უფრო ასტრალური ხდება, დიდი სიამოვნებით გამოვიკეტავდი თავს აკლდამაში იქამდე, სანამ არ აცივდებოდა, თან მორალურადაც დავისვენებდი.
Post Scriptum: აკლდამა თუ არა, მინიმუმ, სიეტლში, ლონდონში ან გრენლანდიაში მაინც მინდა.

მეორე ბლოგის თავსა და ბოლოშიც მეწერა, რომ ახლა არ ვბრწყინავ. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მხოლოდ კუნაპეტი სიბნელე კაშკაშებს ჩემში და არა — პირიქით.
ძალიან მიმძიმს ყოველი დღე და ზოგჯერ საწოლიდან ადგომაც არ მინდება. ისიც შევამჩნიე, რომ საკუთარ თავთან მონოლოგს მოვუხშირე. ასევე, ისიც, რომ ლექსების კითხვისას თვალებს ვხუჭავ და ხმას ნელ-ნელა ვწევ, ხოლო ხელებს ვაქნევ. მუდმივად ვზივარ და რაღაცას ვაკეთებ, სხვაგვარად უბრალოდ ვერ მოვიქცევი ან თუ ვქენი, ალბათ, ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩავვარდები.
სიზიფეს მითი ხომ იცით? თუ არა: სიზიფე ცდილობს, რომ ლოდი მთის მწვერვალზე აიტანოს, მაგრამ ყოველი ცდა ამაოა, რადგან აღმართზე ლოდის ატანა ხომ უბრალოდ სასაცილოა. ჰოდა, შიგადაშიგ მგონია, რომ სიზიფის ბედს ვიზიარებ და ხსნა არსად არის (რა თქმა უნდა, ასე არ არის და ეს ვიცი).

20 ივნისს გამოცდიდან აქციაზე წავედი და ჩემს ნაცნობს შევეკედლე. ამას ორი მეგობარი ახლდა და მხოლოდ მე მედო სახეზე მკვდრისფერი. მეტირებოდა, თან ძალიან, ძალიან. მიზეზების ჩამოთვლას კი აზრი არ ჰქონდა. ვიჯექი და სულ სხვა განზომილებაში ვლივლივებდი — გზებს ვეძებდი, გამოსავალს, სულიერ თავშესაფარს და უფრო მეტად მინდოდა ბღავილისთვის კლიტე ამეხსნა და თავისუფლება მიმეცა.
ჩემი ნაცნობის მეგობარს კი თურმე უკითხავს, რა მჭირდა, ცუდად ვიყავი თუ...
არადა რა მარტივია, ადგე და მოჰყვე ყველაფერი, მოისროლო შენი ნიღაბი და ამოღერღო ყველაფერი, რაც შიგნიდან გღრღნის, მაგრამ, მაგრამ...
ალტრუისტი ვარ და იშვიათად ვაზიარებ ჩემს ნამდვილ მდგომარეობას, მხოლოდ სხვებს ვუსმენ და მათ გვერდით ვარ.
რომ მნახოთ, უმეტესად მოცინარს დამინახავთ. ამაზე ერთი დიალოგი მახსენდება: 3-4 წლის წინ, როცა ჩემს უსაყვარლესს ქიმიის მასწავლებელთან ვიყავი, ვკითხე, ვიყავი თუ არა პოზიტიური, რაზეც მიპასუხა, რომ „მხიარული, მაგრამ არა პოზიტიური“... და ჰო, მართლაც ასეა. თითქმის სულ ვიცინი და ვხუმრობ, მაგრამ ჩემში ტორნადოა და ეს თვალებზეც მეტყობა — სევდიან თვალებს დავატარებ.

მე კარგად ვიცი, რომ ამ ფსიქოლოგიურ პრობლემებს მოვერევი, როგორც მჩვევია და მერე ისევ მეტ-ნაკლებად უკეთესად ვიქნები. მთავარი ისაა, რომ ადამიანის ცხოვრება ციკლური ჯაჭვია; ხან დაღმავალზე ვიქნებით, ხან — აღმავალზე და ეს შეუქცევადი პროცესია მთელი ჩვენი არსობისა. ერთადერთი ის ვიცი, რომ მარტოსულობასთან ცხოვრება დიდხანს მომიწევს. ოჰ, ძალიან დიდხანს...

ხშირად ვნატრობ, რომ ვინმე ადამიანი მყავდეს გვერდით, რომელიც დაჯდება ჩემ გვერდით და მომისმენს, თავზე ხელს გადამისვამს, ჩამეხუტება და მეტყვის, რომ ნებისმიერ წაბორძიკებაზე თავი მაინც ავწიო და გზა განვაგრძო, როგორც ჭეშმარიტ რევოლუციონერს შეშვენის.

დასასრულს ჩემივე ერთ მიჯღაბნილ სიტყვებს მოვიტან, რომლებიც, სხვათა შორის, ზუსტად ამ დღეს, 2019 წელს სოც. ქსელში გამოვაქვეყნე: იძირები აუღელვებელ ზღვაში, აღელვებული სულით.